თეგებით ძიება
05. 04. 2021 სპორტი

"ბევრს ვერ ვისაუბრებ, შეიძლება ჩემგან ცოტა უხერხულიც იყოს..." - ხვიჩა კვარაცხელიას მამა

საქართველო ყოველთვის იყო ნიჭიერი ფეხბურთელების სამჭედლო. 13 მაისი ახლოვდება და ჯერ მარტო ის თბილისის „დინამო“ რად ღირს, რომ აღარაფერი ვთქვათ პაიჭაძის, მესხის, მეტრეველის, იამანიძის და იმ ძველი პლეადის ფეხბურთელებზე.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაშიც არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი გვახსენდება. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? ძმები არველაძეები, გიორგი ქინქლაძე, სხვადასხვა დროს, წლების მანძილზე ეროვნული ნაკრების კაპიტნები – კახა ცხადაძე, გიორგი ნემსაძე, კახა კალაძე და სხვები. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ვინძლო ვინმეც გამოგვრჩეს.

დღეს კი ყველას პირზე ხვიჩა კვარაცხელია აკერია და განა მარტო ქართველ გულშემატკივარს? უნიჭიერესმა ქართველმა ფეხბურთელმა სახელი ევროპის მასშტაბით გაითქვა და არაერთი უცხოური გამოცემა მასზე დითირამბებს არ იშურებს.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა კვარაცხელია დღევანდელი ფორმაციის ეროვნული ნაკრების ლოკომოტივი და ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალაა. ეს მან მარტის სანაკრებო მატჩებშიც დაამტკიცა, როდესაც ესპანეთს და საბერძნეთს ერთი-მეორეზე ულამაზესი გოლები გაუტანა.

ახალგაზრდა ქართველი ტალანტი ამჟამად ყაზანის „რუბინის“ ღირსებას იცავს, თუმცა ნამდვილად არ არის შორს ის დრო, როდესაც ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგას დატოვებს და რომელიმე ევროპულ გრანდში გააგრძელებს კარიერას. მისდამი ინტერესს არაერთი ტოპ გუნდი გამოთქვამს.

„პრაიმსპორტი“ ხვიჩას მამას, ახლო წარსულში გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელს, ვისაც ეროვნული ნაკრების მაისურიც არაერთხელ მოურგია შეეხმიანა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– ეროვნული ნაკრები ყველას საფიცარია. მისი წარმატება გვახარებს და მარცხი გვტკივა. ნაკრებზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, შეიძლება ჩემგან ცოტა უხერხულიც იყოს“ – საუბრის დასაწყისში განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

– და მაინც. ბატონო ბადრი რა განცდა დაგეუფლათ ხვიჩას გოლებზე?

– მას მარტო მე არ გავუხარებივარ. ხვიჩამ იმ გოლებით მთელ საქართველოს მოჰგვარა სიხარული. რა თქმა უნდა, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, მაგრამ უფრო მეტად ის მახარებდა, რომ უამრავმა ქართველმა ქომაგმა გაიხარა.

– სანაკრებო პაუზის შემდეგაც, გუნდში დაბრუნებულმა გაიბრწყინა და თავის გუნდს მოაგებინა?

– მწვრთნელთან შეთანხმებით გადაწყვიტეს, რომ არ დაესვენა და ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ სოჭთან თამაშშიც მიეღო მონაწილეობა.
ფეხბურთი გუნდური თამაშია და მარტო ფონს ვერ გახვალ. მართალია, გოლი ხვიჩამ გაიტანა, მაგრამ თამაში გუნდმა მოიგო. თან ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. „რუბინი“ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის და ამ 3 ქულით მეხუთე ადგილზე დამკვიდრდნენ.

– ბატონო ბადრი, იმ აჟიოტაჟზე მინდა გკითხოთ, რაც ხვიჩას ირგვლივ არის ატეხილი. არაერთი ევროპული გრანდი გამოთქვამს მის მიმართ ინტერესს.

– დღეს ხვიჩა რუსეთში თამაშობს და ბოლომდე „რუბინისთვის“ იხარჯება. ამიტომაც, ახლა იმაზე საუბარი თუ რა იქნება მომავალ სეზონში არ ღირს და არც მიზანშეწონილია.

ხვიჩას მთავარი საფიქრალი ამ ეტაპზე სეზონის ჩამთავრება და იმ გუნდისთვის ბოლომდე დახარჯვაა, რომლის ღირსებასაც იცავს.

თქვენ კითხვას ასე ვუპასუხებდი. ყველაფერი მაისში ან ზაფხულში გაირკვევა. მანამდე მითქმა-მოთქმა და რაიმე ტრანსფერზე საუბრები არაფერს მოგვცემს.

– თქვენ მაინც სად ისურვებდით ხვიჩას კარიერის გაგრძელებას?

– მე არაფერს ვწყვეტ და არც იმას აქვს მნიშვნელობა რა მსურს. თვითონ ხვიჩა ბავშვობიდან ვისაც გულშემატკივრობს მგონი ყველამ იცის. ეს მადრიდის „რეალია“.

მეტს ვერაფერს გეტყვით. როგორც გითხარით, დღეს ხვიჩა „რუბინის“ ფეხბურთელია. რა იქნება მომავალში არავინ იცის. დაველოდოთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას.

– და ბოლოს. ეროვნულ ნაკრებს გვერდს მაინც ვერ ავუვლით. არა როგორც ხვიჩა კვარაცხელიას მამა, არამედ როგორც ახლო წარსულში გამორჩეული ფეხბურთელი და ახლა უკვე გულშემატკივარი როგორ შეაფასებდით განვლილ მატჩებს?

– მაშინ მოკლედ ვიტყვი. შვედეთთან და ესპანეთთან წასაგები თამაშები არ იყო, საბერძნეთში კი სულაც მოგება შეიძლებოდა.

ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან და ეს ნათელია. ნაკრებს ახალი მწვრთნელის ხელიც დაეტყო.

ვიმედოვნებ, რომ მალე ქართველი გულშემატკივარიც გაიხარებს. ამის პოტენციალს ვხედავ.

primesport.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა