6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა
6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2013 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილებით, 2014 წლიდან სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისთვის მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
სამინისტრო სპორტის საერთაშორისო დღეს ულოცავს სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ექიმებს, მსაჯებს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებსა და სპორტის გულშემატკივრებს.
„თარიღი თანამედროვე ოლიმპიური თამაშების დაწყებას უკავშირდება. 1896 წლის 6 აპრილს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები.
მსოფლიოსთან ერთად, სპორტის დღის აღნიშვნას ყოველწლიურად უერთდება საქართველო. 2019 და 2020 წლებში, საერთაშორისო ორგანიზაციამ „მშვიდობა და სპორტი“, ჩვენი ქვეყანა წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ნომინაციაში „წლის საუკეთესო ინიციატივა“ წარადგინა. ეს აღიარება საქართველომ „თეთრი ბარათის - „WhiteCard“ კამპანიის წარმატებით განხორციელებისათვის დაიმსახურა. კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.
„თეთრი ბარათის“ კამპანია ონლაინ აქტივობაა, რომლის მიზანია სპორტში დადებითი ღირებულებების წახალისება. ეს არის ე.წ. „წითელი ბარათის“ საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სპორტის საერთაშორისო დღეს ულოცავს სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ექიმებს, მსაჯებს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებსა და სპორტის გულშემატკივრებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.