თეგებით ძიება
13. 04. 2021 COVID - 19

ამირან გამყრელიძე: კლასტერები იმატებს და საყოველთაო გავრცელებაზე გადავდივართ

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე 18 კლასტერია და კლასტერებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადავდივართ.

„დღეს ყველა რეგიონში, ინციდენტობის მაჩვენებელი მომატებულია. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ უკვე აჭარა და დანარჩენი რეგიონები. აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, კოვიდსტატისტიკაც შეაფასა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 11 ადამიანი და ეს მაჩვენებელი 1,3%-ზე ნარჩუნდება. ამ ფონზე დაიკლო გამოჯანმრთელების მაჩვენებელმა. გვქონდა 97%, ახლა 95%-ია. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ზედამხედველობის სამსახურებს, რომ მეტი კონტროლი და მონიტორინგი იყოს, რადგან არ გვინდა რომ გავიმეოროთ ნოემბერ-დეკემბერი და ისევ მოხდეს მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების გატარება, მაგრამ მეორე მხრივ პინაზე ადამიანების ჯანმრთელობაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან გამყრელიძემ განმარტა, რომ თუ მომავალი კვირების განმავლობაში ეპიდსიტუაციის შეკავება ვერ მოხერხდა, საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვებზე მსჯელობა მოუწევს. „ამიტომ კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ გამოსავალია 5 ღონისძიების დაცვა: პირბადის უნივერსალური ტარება, ესაა პირველი იარაღი, დისტანციის დაცვა ყველგან, ჰიგიენური წესები და დიდი ღონისძიებების აკრძალვა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 374 ადამიანს დაუდასტურდა.

12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.46%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.58 %.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა