დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. ეს საქართველოს გამარჯვებაა! - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ლიდერებს შორის შეთანხმების დოკუმენტის გაფორმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საქართველოს გამარჯვებაა.
"დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. ეს საქართველოს გამარჯვებაა!
უპრეცედენტო თანადგომისთვის მადლობას ვუხდით პრეზიდენტ მიშელს, აშშ-ს ელჩ ქალბატონ დეგნანს, ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰარცელს, ბატონ დანიელსონს, ყველას ვინც დაუღალავად იშრომა დღევანდელი შეთანხმებისთვის.
რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც ასე მოთმინებით ელოდა პოლიტიკური მოლაპარაკებების დასრულებას.
ახლა ჩვენი ყველას ძალისხმევა უნდა მივმართოთ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევების გადასაჭრელად", - წერს ღარიბაშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს - საქართველოს სამომავლო გზა" ხელი "ოცნების" და ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა მოაწერა.
შარლ მიშელის დოკუმენტზე "ნაციონალურ მოძრაობას", "ევროპულ საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსს" და "ლეიბორისტულ პარტის" ხელი არ მოუწერია.