თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ.
ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას იშუამდგომლობენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ.
ერთ-ერთი დაკავებულის, ზვიად ცეცხლაძის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, მას სასამართლოში ბრალდებულის ჯანმრთელობის ცნობა ექნება წარდგენილი და ამასთან, მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.