გიორგი ვაშაძე - საბოლოო ჯამში, ყველა პარტია მოაწერს შეთანხმებას ხელს, უბრალოდ, მცირე ჯიუტობებს აქვს ადგილი
საბოლოო ჯამში, ყველა პარტია მოაწერს შეთანხმებასაც ხელს და იქნება პარლამენტში, უბრალოდ, მცირე ჯიუტობებს აქვს ადგილი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას განაცხადა.
ვაშაძის შეფასებით, სალომე სამადაშვილმა დოკუმენტზე ხელმოწერით, ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.
„სალომე სამადაშვილმა ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, ვაფასებ მის დამოუკიდებელ, პრინციპულ გადაწყვეტილებას, რადგან ასე უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. ვთხოვ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, ყველა კოლეგას უმრავლესობაში, რომ აღარ არის კინკლაობის და ლანძღვა-გინების დრო, ვაჩვენოთ ევროპული კულტურა ქვეყანაში, რომ ლანძღვა-გინებას ანაცვლებს კამათი და დებატები კონკრეტულ საკითხებზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ. შეიძლება ვინმემ ხელი არ მოაწეროს და არ შემოვიდეს, მას ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია, ასეთ პოზიციებს პატივს ვცემ და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ის დასავლური, ევროპული სტანდარტი, რაც ამ ქვეყანაში უნდა იყოს“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში არის, ახლა უბრალოდ დანარჩენების შემოსვლაზეა საუბარი.
„ყველასთან გვქონდა მოლაპარაკება, ყველასთან გვქონდა საუბარი. საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში არის, ახლა უბრალოდ დანარჩენების შემოსვლაზეა საუბარი. ვწუხვარ, რომ ამ მომენტში უფრო დიდი, ფართო კონსენსუსი ერთდროულად ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ იქნება ეს კონსენსუსი“, – განაცხადა ვაშაძემ.