ირაკლი კობახიძე: თალაკვაძეს მადლობას ვუხდი პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისთვის
"მადლობა მინდა გადავუხადო არჩილ თალაკვაძეს პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და რაც მთავარია, ორი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ძალიან მძიმე ვითარების დროს ჩაიბარა.
„როგორც გახსოვთ, მან ძალიან მძიმე ვითარების ფონზე ჩაიბარა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს იყო 2019 წლის ივნისი და ამის შემდეგ მას მოუწია არაერთი რთული ეტაპის გამოვლა საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. თითოეულ ამ ეტაპზე ის გამოირჩეოდა როგორც ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სათანადოდ უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებას. კიდევ ერთხელ ვუხდი მას მადლობას ორი წლის განმავლობაში გაწეული გამორჩეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.