თეგებით ძიება

ბადრი ჯაფარიძე: საქართველო, შესაძლოა, იყოს ევროკავშირში გაწევრიანების ე.წ. „საგზაო რუკის“ მიღების კანდიდატი

„30 წელი გავიდა, რაც პარლამენტის დარბაზში არ ვყოფილვარ. მაშინ ვიყავი უზენაესი საბჭოს წევრი. სამწუხაროდ, ამ 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფოში ყველა გამოწვევა გადაუჭრელი დაგვრჩა, რომელთა გადალახვაც თავისუფლად შეგვეძლო. საქართველოში კვლავ სიძულვილი, დაპირისპირება, სიღატაკე და უნდობლობა ბატონობს“, - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 6 თვის შემდეგ პირველად, ოპოზიციონერების უმეტესობა საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

„სამწუხაროდ, ჩვენ და პოლიტიკურმა კლასმა ვერ მოვახერხეთ, ქვეყანა ოდნავ მაინც მიგვეახლოებინა ევროპულ სტანდარტებთან. ახლა, აშშ-ისა და ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ შევუერთდით, ჩვენს ქვეყანას აძლევს შანსს, რომ დაიწყოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელება. აუცილებელია, ეს დოკუმენტი სრულფასოვნად განხორციელდეს იმისთვის, რომ დავანახოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფ გაწევრიანებას. ამისთვის, აუცილებელია, რომ დასრულდეს ყველა პოლიტიკური ნიშნის სისხლის სამართლის საქმე. ესაა აუცილებელი იმისთვის, რომ საზოგადოება გაერთიანდეს. ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას, ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები მზად არიან, ჩვენს ქვეყანას მხარი დაუჭირონ, იმისთვის, რომ საქართველო რეალურად მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მათ გააჟღერეს ინიციატივა, რომ ევროკავშირმა შემოიღოს ე.წ. „საგზაო რუკა“ ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის და საქართველო, შესაძლოა, იყოს ამ რუკის მიღების კანდიდატი. ამისთვის, აუცილებელია, რომ წელს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციის, განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში. ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ რიგგარეშე არჩევნებს 2022 წელს, რომლის შედეგადაც არჩეულ პარლამენტს ექნება ყველა უფლება, ევროკავშირს მიმართოთ განაცხადით საქართველოს წევრობის კანდიდატად მიღების თაობაზე“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა