გიორგი ვაშაძე: დღეს კრიზისი მოგვარებული არ არის
„დღეს კრიზისი მოგვარებული არ არის. დღეს, უბრალოდ, დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან“, - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 6 თვის შემდეგ პირველად, ოპოზიციონერების უმეტესობა საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
„შარლ მიშელის შეთანხმებაში აღიარებულია, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა გავათავისუფლოთ კონკრეტულად ორი პოლიტიკური პატიმარი პასუხისმგებლობისგან. შარლ მიშელის დოკუმენტში აღიარებულია, რომ საქართველოში არის ძალიან ცუდი საარჩევნო სისტემა, რომელიც არ უზრუნველყოფს სანდო არჩევნების ჩატარებას და ჩვენ შევთანხმდით, თუ როგორ უნდა გავასწოროთ ეს საარჩევნო სისტემა. შარლ მიშელის დოკუმენტში აღიარებულია, რომ საქართველოში არის მიკერძოებული მართლმსაჯულების სისტემა და ჩვენ შევთანხმდით, როგორ უნდა გავასწოროთ ეს სისტემა. ამ დოკუმენტით საბოლოოდ შევთანხმდით, რომ საქართველოში, ამიერიდან, იქნება პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, რაც არის 20 ივნისის პროტესტის შედეგის საბოლოო იმპლემენტაციაამ პარლამენტის მიერ. ასევე, შევთანხმდით, 2021 წელს, რეფერენდუმის გზით, მოსახლეობა გადაწყვეტს, რამდენად ენდობა 2020 წლის არჩევნების შედეგებს. ამ შეთანხმებას ზოგიერთი საკუთარ მარცხად აღიქვამს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ის შემთხვევაა, როცა ეს შეთანხმება ქართველი ხალხის გამარჯვებაა. ეს შეთანხმება უნდა იყოს ახალი ფურცელი როგორც ქართულ პოლიტიკაში, ისე - საქართველოს განვითარებაში“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.