კახა კუჭავა: წელიწადზე მეტია, ვებრძვით პანდემიას - გამოწვევის ღირსეულად გამკლავებისთვის, საჭიროა საერთო კონსენსუსი
„წელიწადზე მეტია, ვებრძვით პანდემიას, რამაც დიდი ზიანი მიაყენა მთელ მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებამ, ყველა რესურსი და ინსტრუმენტი გამოიყენა, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად და ამავდროულად, ზრუნავდა სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, ეკონომიკის გაძლიერებასა და კოვიდ-პანდემიით დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვის უზრუნველყოფაზე“, - განაცხადა კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე.
„პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რისი დაძლევაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამ მასშტაბის გამოწვევასა და ღირსეულად გამკლავებას სჭირდება საერთო კონსენსუსი და ქვეყნის ინტერესებით გაჯერებული, მიზნობრივი კონსოლიდირებული გეგმა. დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. გამოწვევების ღირსეულად გამკლავება კი თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კახა კუჭავა დაამტკიცეს. მის კანდიდატურას მხარი 86-მა კანონმდებელმა დაიჭირა. 6-მა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 96-მა დეპუტატმა გაიარა. არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა, რის შემდეგაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ თანამდებობაზე კახა კუჭავა წარადგინა.