შალვა პაპუაშვილი: ვერ ვთანხმდებით ერთ მთავარ საკითხზე
"ჩვენ ვერ ვთანხმდებით ერთ მთავარ საკითხში - უნდა იყოს თუ არა ეს ამნისტია გვერდის გადაფურცვლა", - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ქართლი ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თქმით, სწორედ ასეთი იყო შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება, რომლის მიზანიც დეპოლარიზაცია და უთანხმოებების შემცირება იყო.
„ჩვენ ამ სულისკვეთებით ამოვდივართ, როცა ვსაუბრობთ ამნისტიაზე და ჩვენი პროექტი სწორედ ასეთი არის, რომ ეს იყოს ამ საკითხის დახურვა, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომლებიც ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე ვერ იქნება ამნისტიის ნაწილი. ასეთებია კონვენციური დანაშაულები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ასევე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ამნისტიის შესახებ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კანონპროექტებს წარადგენენ. მმართველმა გუნდმა კანონპროექტის თავისი ვერსია უკვე დაარეგისტრირა, ოპოზიცია კი ამას დღეს გააკეთებს.