მოსამართლეებმა გზის პირას, გამჭვირვალე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება, რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ - ნიკა მელია
გზის პირას განგებ მოაწყვეს შეკრება, იმიტომ, რომ ამით ივანიშვილს ერთგულებას უმტკიცებენ - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რესტორან „ბაბილოში“, მოსამართლეების შეკრების შესახებ განაცხადა. ნიკა მელიას განცხადებით, საზოგადოების პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
„ესენი არიან ის ხალხი, ვისაც რუსთაველის გამზირზე ე.წ. მინივენში ნაწამები ადამიანები მიუყვანეს და კითხვაც კი არ დაუსვამთ, მტკიცებულებიც კი არ გამოუკვლევიათ, ტელეფონები ჩამოართვეს, რა არ აკადრეს, მერე უაპელაციოდ ციხეში გაუშვეს ის 51 ახალგაზრდა წელს და შარშანაც. ის მიზნები და ამოცანები, რისთვისაც ეს ბიჭები იბრძოდნენ, სანამ მიღწეული არ არის, ასეთი პროტესტი გაგრძელდება, მათ მოუწევთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა. ახლა ისინი ცდილობენ შეკრებას სპეციალურად გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში, ნუთუ სხვაგან ვერ შეიკრიბნენ? მილიონერები არიან, პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი მოსამართლე, რომელსაც მრავალმილიონიანი სასახლე არ აქვს. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ რომელიმეს სასახლეში კორპორაციული მოეწყოთ? არა. გზის პირას განგებ მოაწყვეს შეკრება, იმიტომ, რომ ამით ივანიშვილს ერთგულებას უმტკიცებენ. არავის უნდა ეგონოს, რომ ეს ადამიანები აქ სიამოვნებას იღებენ. რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ. ვალდებულები არიან, მოვიდნენ, თორემ სასახლეები აქვთ მილიონ დოლარად შეფასებული. აქ არიან უკიდურეს მორჩილებაში მყოფი ადამიანები. ჩვენი ვალია, ეს პროტესტი გაგრძელდეს. პროტესტი გაგრძელდება, შედეგიც გარდაუვალი იქნება. ეს პროტესტი არც გაჩერდება “,-განაცხადა მელიამ.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოში“ მიმდინარეობს მოსამართლეების კორპორაციული წვეულება, რესტორნის წინ კი საპროტესტო აქციას მართავენ სამოქალაქო აქტივისტები და აქციების დროს დაპატიმრებულთა მშობლები, რომლებსაც გაშლილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“