თეგებით ძიება

ხვიჩია ოხანაშვილს: თქვენ გინდათ, კიდევ გაზარდოთ პოლიციელების უფლებები, რომ უფრო მეტად დაიჩაგროს მოქალაქე

„თქვენ გინდათ, კიდევ უფრო მეტად გაზარდოთ პოლიციელების უფლებები, რომ უფრო მეტად დაიჩაგროს მოქალაქე“,- ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მისამართით გააკეთა.

დღეს, მე-10 მოწვევის პარლამენტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

ანრი ოხანაშვილის არგუმენტის საპირისპიროდ, რომ სამართალდარღვევათა რიცხვმა წინა წელთან შედარებით მოიმატა, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიის დროს, პოლიციელებს მიეცათ განუსაზღვრელი უფლებები, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა.

„მთავარ არგუმენტად მომატებული სამართალდარღვევები დაასახელეთ. კორონაპერიოდში კიდევ უფრო მოიმატა ასეთი ტიპის დარღვევებმა. ხომ არ ფიქრობთ, რომ პირიქით არის საქმე? - კორონავირუსის პერიოდში, როდესაც პოლიციას მიეცა განუსაზღვრელი ძალაუფლება... ვხედავთ, რომ ქუჩაში დასდევს პოლიცია ადამიანებს და პირბადის არ ტარების გამო აკავებს. ისეთი ტიპის რეგულირებების ქვეშ ვცხოვრობთ, რომელიც პოლიციელსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობას ისედაც აფუჭებს. პირბადის გამო მათი დაჯარიმებიდან დაწყებული, მთელი ეს კარანტინი... ამ პერიოდში ხომ ისედაც ბუნებრივია ასეთი დარღვევების მატება, როდესაც კონფლიქტური ურთიერთობები პოლიციასა და მოქალაქეს შორის მრავლად არის.

პოლიციელების უფლებების ზრდამ გამოიწვია ასეთი ტიპის პროტესტი მოქალაქეებში და თქვენ გინდათ, კიდევ უფრო მეტად გაზარდოთ პოლიციელების უფლებები, რომ კიდევ უფრო მეტად დაიჩაგროს მოქალაქე... თქვენს ორივე კანონპროექტში ერთი და იგივე გინდათ - გაიზარდოს სისტემის უფლებამოსილება და შემცირდეს ადამიანის. თავი რომ ვერ მოთოკოს ადამიანმა, შეიძლება მთელი ცხოვრება გაუბედურდეს და ხომ არ გგონიათ, რომ კორონაპერიოდი არ არის არგუმენტად მოსატანი?!“,- განაცხადა ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა