გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს
კალათბურთის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ნიჟნი ნოვგოროდში იმართება. ტურნირის ამ ეტაპზეა შერმადინის „ტენერიფე“ და ესპანური კლუბიც რუსეთში ჩავიდა. თუმცა მესაზღვრეებმა ქართველი კალათბურთელი ქვეყანაში არ შეუშვეს და მას ღამის გატარება აეროპორტში მოუხდა. ინფორმაციას „მარკა“ ავრცელებს.
„დაუშვებელია, რომ მათ უარი უთხრეს გუნდის საუკეთესო კალათბურთელს ქვეყანაში შესვლაზე და ამ დრომდე პრობლემა არ გადაჭრილა. მას მთელი ღამის გატარება დივანზე მოუხდა”, - წერს სოციალურ ქსელში შერმადინის თანაგუნდელი მარსელინიო ჰუერტასი.
ესპანური კლუბი და FIBA პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. რუსები არ განმარტავენ, თუ რატომ არ შეუშვეს შერმადინი ქვეყანაში.