„სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა“ - იოსელიანი ზურაბიშვილზე
„სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება „ქართული ოცნების“ მიმართ ბოლო გაფრთხილება იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა.
ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება სწორი გადაწყვეტილება არ იყო.
პრეზიდენტის განცხადება ადასტურებს, რომ ის ასე მარტივად, ასეთ ცვლილებებს „ქართულ ოცნებას“ აღარ გაუტარებს.
აღნიშნული კანონის მიღება ლოგიკაში არ ჯდებოდა, მით უფრო ახლა, როცა შერიგების, ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლის და შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზაციის კონტექსტში ვიმყოფებით“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ინფორმაციისთვის, გასულ კვირას პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან“ დაკავშირებით ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტი მიიღო.
პირველი კანონპროექტით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
გარდა ამისა, პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების გადაწყვეტილებაც მიიღო, რაც ცალკე კანონპროექტის სახით იყო წარდგენილი.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.
ამავე პროექტით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.