თეგებით ძიება

ქალი მთაში - მაია ხუზაურაშვილი, ერთადერთი ქალი მძღოლი სოფელ ხომიდან

დღეს, მთიდან ქალაქში გადასახლება საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია, ქალაქიდან-მთაში კი, უჩვეულო და ძალზედ იშვიათი. თუმცა, დღეს გიამბობთ ისტორიას ქალზე, რომელმაც ხმაურიანი ქალაქი დატოვა, ფშავში, მშობლიურ სოფელში დასახლდა და მთა სახლთან ერთად, შემოსავლის წყაროდაც აქცია.

Tia.ge ს რესპოდენტი მაია ხუზაურაშვილია, ქალი, რომელიც ქალაქიდან ორი შვილით მაღაროსკარის თემში, კერძოდ კი სოფელ ხომში დასახლდა, სოფელში, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

მაიას მანქანას დღეს თემში უკვე ყველა სცნობს. იგი ერთადერთი მძღოლი ქალია სოფელში, რომელსაც თავისი ორი შვილის გარდა, მაღაროსკარის სკოლაში კიდევ ორი მოსწავლე დაჰყავს. რესპოდენტი აღნიშნავს, რომ ეს მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა.

სოფელ ხომიდან მაღაროსკარის სკოლამდე 20 კილომეტრია. სკოლამდე მანქანით მისასვლელად ერთ საათზე მეტია საჭირო, თუმცა, უამინდობისას, რაც აქ ძალიან ხშირია, ნალექი გზას მეტად საფრთხის შემცველს ხდის, რაც თავის მხრივ გადაადგილების დროსაც ზრდის.

როგორც მაია ხუზაურაშვილი Tia.ge-სთან აღნიშნავს, ხომში უამინდობისას გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია, ზამთარში, ხშირი დიდთოვლობის გამო გზები დღეები და ზოგჯერ კვირებიც იკეტება, რაც სოფელში ცხოვრებას ძალიან ართულებს.

მაია ხუზაურაშვილი თვლის, რომ მიზეზი, რის გამოც ადამიანებს უწევთ სოფლებისა და საკუთარი მიწა-წყლის დატოვება, მთაში ნორმალურად ცხოვრების პირობების არარსებობაა...

ქალი მთაში - მაია ხუზაურაშვილი, ერთადერთი ქალი მძღოლი სოფელ ხომიდან


- გაგიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება, რომ ქალაქიდან მთაში გადმოსულიყავით?
- არა, მე აქ დავიბადე და გავიზარდე... ასე რომ ვიცოდი, ბევრი სირთულის გამკლავება მომიწევდა და მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის. დღეს იმდენ რამეს ვარ შეჭიდული, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მამაკაცი ვერ გაუმკლავდება ამდენ საქმეს.

- ძირითადად რა დაბრკოლებებს აწყდებით ყოველდღიურად?
- ხომში ყოველთვის გვაქვს გზის პრობლემა, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში... შესაბამისად, მიწევს წელამდე თოვლის ხელით ხვეტა, რათა მანქანით უსაფრთხოდ გადავაადგილდე...

- არის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან მზაობა გზების რეაბილიტაციის თაობაზე?
- ყველაზე რთული გზის გავლა მე მიწევს. სკოლაში ოთხი ბავშვი დამყავს, ორი ჩემი შვილი და ორი კიდევ ამ სოფლიდან. არავის და არაფრის იმედი არ გვაქვს... ელემენტარულად, ზამთარში, ათი დღის განმავლობაში, ჩაკეტილები და ცივილიზაციას მოწყვეტილები ვიყავით დიდთოვლობის გამო. მხოლოდ ათი დღის შემდეგ მოხდა გზის გაწმენდა.

- ამჟამად რა საქმიანობით ხართ დაკავებული მთაში?
- მე ერთადერთი მძღოლი ქალი ვარ სოფელში. ამასთან ერთად, მყავს საქონელი, მაქვს დუქანი და ახლახანს გავხსენი საოჯახო სასტუმროც.

- თქვენი გამოცდილებით, არის თუ არა მთაში ცხოვრება მეტად რთული, ვიდრე ქალაქში?
- ცხოვრება აქ ბევრად რთულია, თუმცა, თუ ადამიანს მთა უყვარს, ყველაფერი გამოუვა. მე ამ სიყვარულმა შემაძლებინა ეს ყველაფერი.

- რა არის თქვენი მოტივაცია, რომელიც გაძლევთ ძალას, რომ დაბრკოლებები ყოველდღიურად გადალახოთ?
- პირველ რიგში, ჩემი მიზანი და მოტივაციაა მთის სიძლიერე. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი სოფელი არ დაიცალოს და ნასოფლარად არ იქცეს. ვიბრძვი, რომ მეტი ოჯახი დაუბრუნდეს მთას. მე აქ, ჩემი მიზნები და პატარა ბიზნესი მაქვს, შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვუთავსებ და ფინანსურად მეტი შემოსავალი მაქვს. დარწმუნებული ვარ, ქალაქში ცხოვრებით ვერაფერს მივაღწევდი, დღეს კი, მიფასდება ჩემი შრომა და მაქვს საკუთარი შემოსავალი. შესაბამისად, მთა სახლთან ერთად შემოსავლის წყაროდ იქცა ჩემი ოჯახისთვის.

[center]

ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა