თეგებით ძიება

„აკეთის ახალგაზრდული კომიტეტი“ - რეგიონის პრობლემებზე ორიენტირებული ახალგაზრდები დიდი მიზნებით და შემართებით

როცა ხედავ, რომ ის, ვისაც შენი სოფლის პრობლემების მოგვარება ევალება, ვერ აგვარებს მას, არ უნდა დაელოდო და შენ თვითონვე უნდა დაიწყო ბრძოლა შენი
სოფლის კეთილდღეობისთვის.

სწორედ ამ მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის თემში 15-მა ახალგაზრდამ ჩამოაყალიბა ორგანიზაცია, სახელწოდებით „აკეთის ახალგაზრდული კომიტეტი“. ახალგაზრდა თაობის ძალას, რომ ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია ახალი არ არის.

ორგანიზაციას, რომელიც ერთი თვის უკან დაარსდა, კონტაქტი აქვს სოფლის ხელმძღვანელობასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მათი სურვილია, რომ სოფელში არსებული პრობლემები ადრესატებამდე, იმ ადამიანებამდე მიიტანონ, ვისაც რეგიონზე ზრუნვა კანონით ევალება.

„აკეთის ახალგაზრდული კომიტეტი“ - რეგიონის პრობლემებზე ორიენტირებული ახალგაზრდები დიდი მიზნებით და შემართებით


TIA.GE ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაესაუბრა. პირველი კითხვით, კომიტეტის წევრს, მაგდა ცინცაძეს მივმართეთ.

- მაგდა, როგორი ახალგაზრდებია გაერთიანებული კომიტეტში და პირადად შენ რატომ გადაწყვიტე მათთან ერთად მუშაობა?

- თითოეული წევრი გამოირჩევა უდიდესი ძალისხმევით და შრომისუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერმა მათგანმა რაც არ უნდა დაისახოს მიზნად ყველაფერს გააკეთებენ მის შესასრულებლად. ეს არის გუნდი სადაც, წამითაც კი ვერ ნახავ უკან დახევის და დანებების სურვილს. ამ გუნდს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. სწორედ ეს მიზნები მაერთიანებს ამ გუნდთან. მათთან ერთად მეც მსურს ჩვენი ცხოვრება ჩვენივე ძალით შევქმნათ უკეთესი“ - განაცხადა მაგდა ცინცაძემ TIA.GE-სთან საუბრისას.

ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, სალომე გეგიძე, TIA.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათი მიზანია იყვნენ საკუთარი ქვეყნის აქტიური მოქალაქეები და ყველაფერი გააკთომნ, რათა რეგიონში არსებული პრობლემები აღმოიფხვრას.

„აკეთის ახალგაზრდული კომიტეტის“ ჩამოყალიბების სურვილი გაჩნდა ჩვენივე გულის ტკივილიდან გამომდინარე. სოფელში ძალიან ბევრი პრობლემაა. ჩვენ,
ახალგაზრდები არ ვაპირებთ ამ პრობლემებზე თვალის დახუჭვას. ჩვენი კომიტეტის მიზანიც ეს არის, რომ ვიყოთ აქტიური მოქალაქეები და შეძლებისდაგვარად
გადავჭრათ თემში არსებული პრობლემები", - ამბობს სალომე გეგიძე.

TIA.GE ასევე ესაუბრა ორგანიზაციის ერთ-ერთ ორგანიზატორის, მარიამ ბერიძის განცხადებით, არსებული პრობლემების მოგვარების გარდა, ახალგაზრდული კომიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის ცხოვრების გააქტიურებას და ამისათვის სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას აპირებენ.

- მარიამ, რას გააკეთებს ეს გუნდი და რას უნდა ელოდონ თქვენგან აკეთის მოსახლეობა?

"ეს გუნდი ჩამოყალიბებულია იმისთვის, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც სოფელშია აღმოიფხვრას ჩვენი ჩართულობით. გარდა ამისა, ჩვენი ახალგაზრდული
კომიტეტი მიზნად ისახავს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას, რათა სოფელი უფრო გამოცოცხლდეს", - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას მარიამ ბერიძე.

რაც შეეხება კომიტეტის დაფინანსებას, როგორც ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნეს, იქნება ეს ფინანსური თუ მორალური მხარდაჭერა, მათ ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარება.

კომიტეტის წევრის, საბა კიკვაძის თქმით, ახალგაზრდების ინიციატივა სოფელში სრული მხარდაჭერით შეხვდნენ და მათ გვერდში დგომას შეჰპირდნენ:

„აკეთის მოსახლეობა აღტაცებაში მოიყვანა იმ ფაქტმა, რომ ამ პატარა და მეტად საინტერესო თემში ჩამოყალიბდა სოფლის პრობლემებზე ორიენტირებული
ახალგაზრდული ორგანიზაცია. ჩვენი მთავარი მიზანი არის ჯერ სოფლის, შემდეგ კი, უმთავრესი ქვეყნის კეთილდღეობა. ამიტომაც ჩვენ მივალთ და შევაწუხებთ ყველა პასუხისმგებელ პირს“, - განაცხადა საბა კიკვაძემ.

ფაქტია, რომ სოფლებს დღესდღეობით ნაკლები ყურადღება ექცევა და ამ მხრივ, ახალგაზრდების ჩართულობით და აქტიურობით ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი.

სტატიის ავტორი: გიორგი მორჩილაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა