თეგებით ძიება

დაუბრუნდით მშობლიურ მიწას, სხვა არ იზრუნებს იმაზე, რასაც მესაკუთრე არ აფასებს - მარგარეტ დაიაური - 24 წლის მასწავლებელი შატილიდან

მარგარეტ დაიაურს დღეს ხევსურეთში ყველა იცნობს. 24 წლის დიზაინერი და ხელოვნების მასწავლებელი, შატილიდან, რომელმაც ქალაქში ყველაფერი დატოვა და მშობლიურ ხევსურეთში, კერძოდ კი, შატილში საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა.

მარგარეტი შატილის სკოლაში ხელოვნებასთან ერთად, რამდენიმე საგნის მასწავლებელია. სკოლაში, რომელშიც სულ 5 მოსწავლე სწავლობს. მარგარეტი დღეს მოსწავლეებისთვის მასწავლებელთან ერთად, საუკეთესო მეგობარიცაა.

ფიქრობს, რომ ყველაზე კარგი, რაც ოდესმე გაუკეთებია, შატილში გადმოსვლა და მასწავლებლად მუშაობის დაწყება იყო.

სიამაყით აღნიშნავს, რომ მთაში მცხოვრებ ბავშვებს ხელოვნებასთან ზიარების მეტი რესურსი აქვთ, რადგან მათი საცხოვრებელი ადგილი სხვა არაფერია, თუ არა ხელოვნების ცოცხალი ნიმუში.

პროფესიით დიზაინერია და სამომავლო გეგმები ამ კუთხითაც აქვს. აღნიშნავს, რომ „თუ ადამიანი, ნიჭიერი, ორიგინალური და კრეატიულია, და ამასთანავე, მუდმივად განვითარებისკენ ისწრაფვის, გამორიცხულია, რომ თავი ვერ დაიმკვიდროს. სადაც არ უნდა მოხვდეს“.

მარგარეტი შატილში სამკაულების სახელოსნოს გახსნას გეგმავს. რაც მისი აზრით, საკუთარი დიზაინით შექმნილი სამკაულებისა და ნივთების რეალიზების საშუალებას მისცემს.

დაუბრუნდით მშობლიურ მიწას, სხვა არ იზრუნებს იმაზე, რასაც მესაკუთრე არ აფასებს - მარგარეტ დაიაური - 24 წლის მასწავლებელი შატილიდან


- რამდენი წლის ასაკში მიიღეთ მთაში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება?

- მთაში დაბრუნება სულ მინდოდა, რაზეც მოზარდობის ასაკიდანვე მუდმივად ვფიქრობდი. თუმცა, გადაწყვეტილება, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 22 წლის ასაკში მივიღე.

- რა იყო თქვენი გადაწყვეტილების ინსპირაცია, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა თუ მთაში მცხოვრები ბავშვების უკეთესი განათლებისთვის ბრძოლა?

- ვფიქრობ, რომ ორივე. თუმცა, ჩემი მიზანი, პირველ რიგში, მასწავლებლად მთაში წასვლა იყო და ამ გადაწყვეტილებას ცხადია, განსხვავებული ცხოვრების სტილი და რა თქმა უნდა, ოჯახის გარეშე ყოფნაც მოჰყვა.

- მარტივი იყო გადაწყვეტილების მიღება?

- უმარტივესად, დაუფიქრებლად, მივიღე გადაწყვეტილება, როგორც კი მეგობარმა ვაკანსია გამომიგზავნა. ეს იყო ჩემი მთავარი საფიქრალი და ოცნება, რომლის ახდენის შანსიც მომეცა და უპირობოდ უნდა გამომეყენებინა.

- რა იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება ახალ გარემოსა და სივრცეში?

- შთაბეჭდილება მქონდა ისეთი, რომ ყველაფერს შევძლებდი იმისათვის, რაც მიზნად დავისახე.

- მთაში გადმოსვლის შემდგომ, იყო თუ არა თქვენში სინანულისა და ორჭოფობის განცდა?

- სინანულის განცდა არასდროს, მაგრამ რთული პერიოდები ნამდვილად მქონდა. რაც გამოწვეული იყო უგზოობის, ჩაკეტილობის, ოჯახისა და მეგობრების მონატრების გამო. თუმცა, ახლა მგონია, რომ ზუსტად ეს სირთულეები ზრდის ადამიანს.

- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა მთაში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიღება?

- მოსწავლე ხარისხიან განათლებას ყველგან მიიღებს, თუ ამის სურვილი ნამდვილად აქვს. რა თქმა უნდა, არის გარე ფაქტორები, რომლებიც მოტივაციაზეც შეიძლება აისახოს, თუმცა, თუ რამის გაკეთება და მიზნის მიღწევა სურს ბავშვს, მთა იქნება თუ ქალაქი, ამას მაინც შეძლებს.

- რა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ დღეს, მთაში მცხოვრებ ბაშვებს, ხარისხიანი განათლების მისაღებად?

- ჩემი აზრით, მათთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება, სკოლაში, მხოლოდ 5 ბავშვის ყოფნაა. კომუნიკაცია/ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია სკოლის პერიოდში, რაც შემდეგ, მთელ ცხოვრებას განაპირობებს და ვფიქრობ, როდესაც აქედან თბილისში, უნივერსიტეტებში, გააგრძელებენ სწავლას, კომუნიკაციის კუთხით ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი ექნებათ.

- გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები.

- პირველ რიგში, საკუთარი თავის განვითარება. მე თუ უფრო წარმატებული არ გავხდი, მეტი არ ვისწავლე, მეტი არ ვნახე, მათ მომავალში იმდენ ცოდნას ვერ მივცემ, რაც დასჭირდებათ. ყოველთვის იზრდება ცოდნის არეალი, ამიტომ მგონია, რომ თუ არ გავჩერდები და წინ წავალ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

- რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების პირობების არარსებობის გამო ტოვებენ მშობლიურ სახლებს?

- ვეტყვი, რომ თუ უყვართ აუცილებლად დაბრუნდნენ მშობლიურ მიწაზე და იბრძოლონ იმ სოფლის უკეთესი პირობებისთვის, მისი განვითარებისთვის. რადგან თუ თავად არ დაბრუნდნენ, თუ თვითონ არ უპატრონეს, სხვა მითუმეტეს არ მიხედავს და არ იბრძოლებს იმისთვის, რასაც მისი მესაკუთრეც არ აფასებს.

ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა