თეგებით ძიება

თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ძაღლები - სამცხე-ჯავახეთის გადაუჭრელი პრობლემა

უსახლკარო ძაღლების პრობლემა უკვე მრავალი წელია რაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებობს. ცხოველთა დაცვის არაერთი ორგანიზაცია მოითხოვს და მოითხოვდა, რომ პრობლემა რაც შეიძლება მალე აღმოფხვრილიყო, რადგან რეგიონში არ არსებობს ძაღლების თავშესაფარი.

სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთია იმ რეგიონთა შორის, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე უამრავი მიუსაფარი და მიტოვებული ძაღლია. ზოგიერთ მათგანს უსაფრთხოების მიზნით ჩაუტარდა სტერილიზაცია და აიცრა ცოფზე, თუმცა მოსახლეობისათვის მაინც წარმოადგენენ საფრთხეს, პირველ რიგში იმ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, რაც მოსახლეობას აქვს მათდამი.

რამდენიმე წლის წინ, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარეხში, გაიხსნა ძაღლთა თავშესაფარი, სადაც მიჰყავდათ პატრონისაგან მიტოვებული ძაღლები. მოსახლეობა ამ ფაქტს ძალიან დადებითად აფასებდა და აღნიშნავდა, რომ ეს დროული და წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რაც ნამდვილად შეამცირებდა ქუჩაში, სოფლებსა თუ ქალაქებში მოხეტიალე ძაღლების რიცხვს.

თავშესაფარმა ორ წლამდე იარსება. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი დახურვის მიზეზი ფინანსური მხარე გახდა, როგორც ამბობენ, თავშესაფარს უპატრონო ცხოველების შენახვა ძალიან ძვირი უჯდებოდა. თუმცა, დახურვამდე ვრცელდებოდა ინფორმცია, რომ თავშესაფარი უნდა გაფართოებულიყო, ხოლო ეს ახლად გახსნილი შენობა თავშესაფრის პირვანდელი ვერსია იყო, რომლის გაფართოება და გაუმჯობესება სამომავლო პერსპექტივას წარმოადგენდა.

TIA.GE ახალციხის ვეტ-კლინიკის მეპატრონეს, ნინო ვარდიძეს ესაუბრა, რომელმაც ძაღლებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწია.

მნიშვნელოვანია იყოს ადგილი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ძაღლებისთვის აუცილებელი პირობები. ქუჩებში ხშირად უშვებენ უპატრონოდ ძაღლებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც პატრონს ძაღლი მხოლოდ იმიტომ აღარ უნდა, რომ ან დაბერდა ან რაიმე დაავადება აქვს. თავშესაფრის დროებითმა არსებობამ ნაწილობრივ მაინც აღმოფხვრა ეს პრობლემა, ხოლო მისი დაკეტვის შემდეგ კვლავ მწვავედ დადგა მიუსაფარ ცხოველთა „არსებობის“ საკითხი, რადგან, მათზე ქუჩაში ხშირად ძალადობენ, ურტყამენ და ზოგჯერ კლავენ კიდეც.

მნიშვნელოვანია გამოიყოს ბიუჯეტიდან თანხა ან ვინმემ დააფინანსოს ახალი თავშესაფრის აშენება და შემდგომ ყველამ ერთობლივად ვუზრუნველყოთ მათთვის საჭირო პირობების შექმნა, დავეხმაროთ საკვებითა და სამედიცინო პროცედურებით.

აღსანიშნავია ისიც,რომ მათ გარკვეული ნაწილს ჩატარებული აქვს სტერილიზაცია, თუმცა, მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა, რადგან მოსახლეობა ყოველდღიურად უშვებს თავიანთ შინაურ მეგობრებს ქუჩაში.

თავშესაფრის დაკეტვამ ახალი პრობლემები წარმოშვა, გამრავლდა მიტოვებული და მოხეტიალე ძაღლების რაოდენობა, შედეგად გახშირდა ადამიანთა მხრიდან მათზე ძალადობა.

ქალაქ ახალციხის ერთ-ერთი მცხოვრები, ბატონი ვლადიმერი, ყვება იმ სირთულის შესახებ, რასაც თავშესაფრის დაკეტვის გამო წააწყდა.

„ჩემმა ძაღლმა ლეკვები რომ დაბადა, ყველა ვერ გავაჩუქე. სულ ხუთი ლეკვი იყო, გადაგდება არ მინდოდა და ფარეხაში წავიყვანე, თავშესაფარში უნდა ჩამებარებინა. იქ რომ მივედი, მითხრეს აქ დაიკეტა და ძველი სამხედრო ნაწილი რომ არის, ახლა იქ არის და შეგიძლია იქ წაიყვანოო, თუმცა, იქ რომ მივედი და გადმოვიყვანე ძაღლი, ნაგვის ურნის ქვეშიდან ძალიან ბევრი ძაღლი გამოვარდა. თავშესაფრის მსაგვი იქ არაფერი არ ყოფილა, ჩემი ძაღლი და ლეკვებიც იქ დავტოვე, აწოვებდა ლეკვებს და არ წამომყვა. მერე რამდენიმე დღეში თვითონ მოვიდა სახლში ძაღლი, ლეკვები აღარ ყავდა. ახლა თუ ისევ დაბადა ლეკვები, მომიწევს გავაჩუქო ან გადავყარო, თუმცა კი მეცოდებიან“, - აცხადებს რესპოდენტი TIA.GE-სთან.

ავტორი: ნატო ვარდიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა