2008 წელს იყო საფრთხე იმისა, რომ რუსეთს დაებომბა - ირაკლი მიქაძე ჟინვალის წყალსაცავის პრობლემებზე
ჟინვალის წყალსაცავი, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წყალსაცავია საქართველოში. მას დიდი და საიდუმლოებით მოცული ისტორია აქვს. წყალსაცავის ფსკერზე ჩაძირულია უძველესი ქალაქი ჟინვალი, რომელიც ისტორიაში მოხსენიებულია, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქალაქი.
ჟინვალის წყალსაცავის შესახებ უამრავი კითხვა არსებობს დღესაც. დიდია ინტერესი იმის შესახებ, თუ რა იმალება წყალსაცავის ფსკერზე. რა მნიშვნელობისაა იგი? რა ზიანის მოტანა შეუძლია მას მოსახლეობისთვის?
ამ და სხვა საკითხებში დეტალურად გასაკრვევად, Tia.ge გეოგოლია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დამოუკიდებელ ექსპერტს, ირაკლი მიქაძეს ესაუბრა, რომელმაც ჟინვალის წყალსაცავის შესახებ, აქამდე უცნობი დეტალები გაგვიმხილა.
როგორც რესპოდენტის საუბრიდან ირკვევა, წყალსაცავები განსაკუთრებით საფრთხის შემცველია საომარი მდგომარეობის დროს.
2008 წელს იყო საფრთხე იმისა, რომ რუსეთს ჟინვალის წყალსაცავი დაებომბა, რის შედეგადაც თბილისი წყალმომარაგებისა და ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩებოდა. წყლის ნაკადი დააზიანებდა მიმდებარე სოფლებსაც.
რესპოდენტი აღნიშნავს, რომ წლების წინ, წყლის მიღება ჭაბურღილების საშუალებით ხდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში 60 ასეთი ჭაბურღილი ფუნქციონირებდა, რომელთა მეშვეობით 900-1200 ლიტრი წყლის მიღება ხდებოდა წამში. დროთა განმავლობაში ჭაბურღილების ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა. საჭირო იყო შეკეთება, თუმცა, ამის ნაცვლად ჭაბურღილების ნაწილები მოიპარეს.
ირაკლი მიქაძე საუბრისას აღნიშნავს, რომ როდესაც დღის წესრიგში დადგა სოფელი ჟინვალის მოსახლეობისგან დაცლა და ტერიტორიის დატბორვა, საჭირო გახდა სრული არქეოლოგიური გამოკვლევები, რაც ვერ მოხერხდა.
წყალსაცავის მშენებლობა და არქეოლოგიური გათხრები ერთდროულად დაიწყო. გასათხრელი დარჩა ნახევარი ქალაქი. არქეოლოგიური გათხრების საშუალებით ვიგებთ, რომ თამარ მეფემ ჭიაბერ მანდატურთუხუცესს გადასცა ქალაქი ჟინვალი.
არქეოლოგებს ჭიაბერის საფლავი გაძარცვული დახვდათ. თუმცა, მის საფლავში აღმოაჩინეს თამარ მეფის დროინდელი 17 მონეტა, რომელიც მანამდე საქართველოში მხოლოდ 2 ცალი იყო . ცალსახად შესაძლოა ითქვას, რომ ჟინვალის წყალსაცავის ფსკერზე დიდი ისტორია ინახება.
- რა დანიშნულება აქვს ჟინვალის წყალსაცავს აღმოსავლეთ საქართველოსთვის?
- ჟინვალის წყალსაცავი კომპლექსური დანიშნულებისაა აღმოსავლეთი საქართველოსთვის. მას დიდი წვლილი აქვს მცხეთისა და თბილისის წყალმომარაგებაში. იგი ასევე ასრულებს მდინარე არაგვის მარეგულირებლის ფუნქციას ზაფხულში. უნდა აღინიშნოს, რომ ჟინვალის წყალსაცავის აშენების ერთ-ერთ პირველად მიზნად ჰესის მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირების უზრუნველყოფა მოიაზრებოდა.
- რა იყო ის ძირითადი იდეა, მიზანი, რის გამოც გადაწყდა ჟინვალის ტერიტორიაზე წყალსაცავის აშენება?
- საუკუნეების მანძილზე თბილისში მცხოვრები ადამიანები მტკვრის წყალს სვამდნენ, რაც რა თქმა უნდა არ იყო უსაფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის. შემდგომ შემოვიდა წყალსადენების სისტემა და დაახლოვებით 1862 წლისთვის თბილისის მოსახლეობას 1 სულზე 4 ლიტრი წყალი მიეწოდებოდა. შემდგომ თბილისის მოსახლეობის ზრდამ გაზარდა მოთხოვნა წყალზე. 1980 წლისთვის თბილისის მოსახლეობამ 1 მილიონს შეადგინა. ჟინვალის წყალსაცავის მშენებლობა კი 1971 წელს დაიწყო.
- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა წყალსაცავებით მოსახლეობის წყალმომარაგებაზე უკეთესი და მეტად უსაფრთხო გზა?
- რა თქმა უნდა, ამაზე დავა წლებია მიმდინარეობს. საქართველოს აქვს იმაზე დიდი რესურსი, ვიდრე წარმოგვიდგენია. მდინარე არაგვის გრუნტის ანუ მიწისქვეშა წყლები წყალმომარაგებისთვის ძალიან ხელსაყრელია. სოფელ ბოდორნაში არსებობს ბუფერული აუზი, რომლის მოცულობა ერთი მილიონი კუბური მეტრია. შესაძლოა მიწისქვეშა წყლებზე გადასვლა, სწორედ ამ მიზეზითა და მიზნით მიმდინარეობდა და კვლავ მიმდინარეობს შესწავლითი სამუშაოები. მიწისქვეშა წყლებს ორჯერ მეტი რესურსი აქვს, ვიდრე წყალსაცავებს. ამასთანავე, მიწისქვეშა წყალი დაცულია დაბინძურებისგან, რასაც წყალსაცავებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
- გეოლოგიური თვალსაზრისით, არის თუ არა სრულყოფილად შესწავლილი ტერიტორია, სადაც ახლა ჟინვალის წყალსაცავი მდებარეობს?
- არქეოლოგიური გათხრები და ჟინვალის წყალსაცავის მშენებლობა ერთდროულად, 1971 წელს დაიწყო. სწორედ ამიტომ არქეოლოგების ჯგუფს არ მიეცათ საშუალება უძველესი ქალაქი მთლიანად შეესწავლათ. რა თქმა უნდა, გეოლოგიურად შემოწმდებოდა ტერიტორია, თუმცა, არა სრულყოფილად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
- ხდება თუ არა წყალსაცავის პერიოდული შეკეთება და მეთვალყურეობა?
- დიახ, ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას მე პირადად დავესწარი. ჟინვალის წყალსაცავიდან წყალი 5 კილომეტრიანი უზარმაზარი გვირაბით გამოდის, დროთა განმავლობაში გვირაბის კედლები დაილექა და დიამეტრი შემცირდა. შესაბამისად, ვეღარ ატარებდა იმდენი რაოდენობის წყალს და საფრთხე გაჩნდა გვირაბის დაზიანების. სწორედ ამიტომ, მოხდა გვირაბის ჩაკეტვა და შემცირება დიამეტრის, რათა გვირაბი არ ჩამოშლილიყო და დაბლოკილიყო.
- დადებითი მხარეების გარდა, გამოიწვია თუ არა ჟინვალის წყალსაცავის ფუნქციონირებამ პრობლემები და თუ კი, რა სახის პრობლემებზეა საუბარი?
- დიახ, თანაც უამრავი. ჟინვალის წყალსაცავს არ გააჩნია სანიტარული ზონა, რაც გულისხმობს შემდეგს: წყალსაცავის ტერიტორიაზე არ უნდა შედიოდნენ ადამიანები, რათა თავიდან ავიცილოთ წყლის დაბინძურება. ასევე, წყალსაცავის სალექარებთან აშენებულია სახლები, რაც კატეგორიულად მიუღებელი და სახიფათოა. როგორც გაირკვა, ჩაედინება დაბინძურებული წყლებიც, რაც რა თქმა უნდა ადამიანების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ასევე, ზაფხულში ფსკერზე იზრდება და ლპება წყალმცენარეები, რაც ასევე აბინძურებს წყალს. შესაბამისად, მხოლოდ ქლორით გაწმენდის იმედზე ვართ. აღსანიშნავია, რომ ქლორით წყლის გაწმენდაც სახიფათოა ადამიანების ჯანმრთელობისთვის და რამდენიმე ქვეყანაში აკრძალულიც კია მისი გამოყენება. ასევე წყალსაცავის აშენების შედეგად შეიცვალა კლიმატური პირობებიც.
ავტორი: მარი ქავთარაძე