თეგებით ძიება

ადამიანი რა საქმესაც არ უნდა ემსახურებოდე, ყველა საქმე უფლის სიყვარულით უნდა იყოს განმსჭვალული - მაია ალექსიშვილი

პროექტ "ჩემი რეგიონის“ ფარგლებში, TIA.GE მკითხველს მაია ალექსიშვილს გააცნობს. პროფესიით პედაგოგი, ამჟამად საგარეჯოს რაიონის "წითელი ჯვრის" დირექტორია.

"2010 წლიდან დავიწყე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საგარეჯოს ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობა. პირველი ნაბიჯების გადადგმა დავიწყე ჩემთვის სრულიად უცხო სფეროში. მოტივაცია და მონდომება დიდი იყო ღირსეული წევრი ვყოფილიყავი ამ ჰუმანიტარული ორგანიზაციის. ძალას და ენერგიას არ ვზოგავ ამ ხნის მანძილზე ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო როგორც ეროვნული საზოგადოების განვითარების საქმეში, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციის მდგრადობაში. ვიდრე ამ ორგანიზაციაში დავიწყებდი მუშაობას, მანამდე მქონდა 13 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 1993 წელს მუშაობა დავიწყე ნინოწმინდის სასოფლო კლუბის გამგის პოზიციაზე, ასევე შეთავსებით ვმუშაობდი ორ საჯარო სკოლაში, მუსიკის პედაგოგად. 2010 წლიდან კი ვმუშაობ ამ ორგანიზაციაში მენეჯერად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მისიიდან გამომდინარე, მუდმივად ვართ ადგილობრივი თემის გაძლიერების სამსახურში, ვეხმარებით ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ადამიანების დახმარება, თანადგომა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების თანმდევია", - აცხადებს მაია ალექსიშვილი TIA.GE-სთან საუბარში.

ადამიანი რა საქმესაც არ უნდა ემსახურებოდე, ყველა საქმე უფლის სიყვარულით უნდა იყოს განმსჭვალული - მაია ალექსიშვილი


- როგორ აირჩიეთ თქვენი პროფესია?

- ბავშობიდან მიყვარდა თეატრი, მუსიკა, აქედან გამომდინარე ჩემი პროფესიის არჩევაც ამ დარგებისადმი დიდმა ინეტრესმა და სიყვარულმა განაპირობა.

- რას განიცდით როდესაც გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებით...

- როდესაც შეგიძლია გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარო, როგორია ბედნიერება, ეს მის თვალებში ამოიკითხო... მომავლის იმედი ჩაუსახო და ცოტახნით მაინც შეუმსუბუქო ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება, ნამდვილად გასაოცარი განცდაა. გახარებული, ბედნიერი და კმაყოფილი ვბრუნდები სახლში და რამოდენიმე დღე მიმყვება ეს სიხარული.



- თქვენი წარმატების ფორმულა?

- ადამიანი რა საქმესაც არ უნდა ემსახურებოდე, ყველა საქმე უფლის სიყვარულით უნდა იყოს განმსჭვალული, ყველა სიტყვა სიყვარულით უნდა გააჯერო, საკუთარი თავის რწმენა უნდა გაძლიერებდეს, არ უნდა გბეზრდებოდეს საკუთარი თავის წვრთნა და განვითარება. უნდა გიყვარდეს საკუთარი თავის კრიტიკა, როდესაც აჯობებ შენს თავს ყოველივე ამაში, აი მაშინ ხარ წარმატებული.

- როგორ იწყება თქვენი დილა?
- ჩემი დილა იწყება უფლის დიდებით (ვკითხულობ დილის ლოცვებს). ვემზადები და მივდივარ სამსახურში. ზღურბლს იქით სხვა სამყარო იწყება ჩემთვის. სამყარო რომელიც ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს.

- დროს რა ფასი უჭირავს თქვენთვის ცხოვრებაში?

- დრო ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ვერ ვიტან უქმად დაკარგულ დროს, მინდა ყველა წუთი გამოვიყენო ნაყოფიერად თუ დროს სწორად გამოიყენებ შედეგიც არ დააყოვნებს.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- გეგმები ნამდვილად ამბიციური გვაქვს - არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდებში. ახალი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების ხელმისაწვდომობის გაზრდა. მოხალისეთა მოზიდვა და შენარჩუნება. მოხალისეობრივი კულტურის განვითარება. მეტი მოხალისეობრივი ინიციატივების განხორციელება. ასე განისაზღვრება ჩვენი სამომავლო პრიორიტეტები.

ესაუბრა: მიხეილ ჭიაბერაშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა