თეგებით ძიება

„მგონია, რომ გამოვალ ვიღაცას დავინახავ, გავიხედავ მარა გვიან მივხვდები, რომ არავინ არ არის საერთოდ“ - სოფელი როშკა ერთი ოჯახის იმედად დარჩა

სოფელი როშკა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ხევსურეთის თემში მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა. როშკა ერთ დროს ტურისტების საყვარელი ადგილი იყო, სწორედ ამ სოფელზე გადის ულამაზესი აბუდელაურების ტბებისკენ მიმავალი გზა.

აბუდელაურის ტბების სანახავად ხევსურეთში ამოსულ ტურისტებს წელიწადის ნებისმიერ დროს შეხვდებოდით, თუმცა, სოფელ როშკაში ხალხმრავლობა განსაკუთრებით ზაფხულობით შეინიშნებოდა.

ტურიზმის განვითარება დადებით გავლენას ახდენდა მკვიდრი მოსახლეობის ეკონომიკურ დონეზე. COVID-19 ის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია, როგორც ამ მხარის ტურისტულ განვითარებაზე, ისე სოფელი როშკას მკვიდრი მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. დღეს სოფელში მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს...

როშკა ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სოფელი იყო ხევსურეთში. დროის მსვლელობასთან ერთად სოფლიდან მოსახლეობა ნელ-ნელა გადასახლდა. მოხუცები მიწას მიებარნენ, ახალგაზრდები კი ბარში გადავიდნენ საცხოვრებლად.

პროექტ "ჩემი რეგიონის“ ფარგლებში, TIA.GE მკითხველს სოფელი როშკას მკვიდრი, მინდია წიკლაურს გააცნობს, რომელიც ფიქრობს, რომ მოსახლეობა იძულებული იყო გადასახლებულიყო, რადგან სოფელში ცხოვრების პირობები არ არის.

„მგონია, რომ გამოვალ ვიღაცას დავინახავ, გავიხედავ მარა გვიან მივხვდები, რომ არავინ არ არის საერთოდ“ - სოფელი როშკა ერთი ოჯახის იმედად დარჩა


მთაში ცხოვრება თავისთავად რთულია, თუმცა, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ცივილიზაციისგან მოწყვეტა აქ ცხოვრებას მეტად ართულებს. როშკაში ხშირად გზა დეკემბრიდან ივნისამდე ჩაკეტილია დიდთოვლობის გამო. სასწრაფო დახმარების მიღება კი მხოლოდ ვერტმფრენის მეშვეობითაა შესაძლებელი.

სოფელ როშკაში 2019 წლამდე ოთხი ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა, ახალ 2021 წელს როშკა მხოლოდ ერთი ოჯახით შეხვდა.

სოფლის უკანასკნელი მკვიდრი, მინდია წიკლაური და მისი მეუღლე ნათელა ბურდულია. ოჯახი მწუხარებით იხსენებს დღეს, როდესაც გაიგეს, რომ ყველა მიდიოდა სოფლიდან. თავიდან არ იჯერებდნენ, ფიქრობდნენ, მხოლოდ ჩვენ როგორ დავრჩებითო. დაღამებისას არც ერთ სახლში აღარ აენთო შუქი, არც კვამლი ამოვიდა საკვამურებიდან. მიხვდნენ, რომ სოფელს მხოლოდ თავად შემორჩნენ... „ზამთარში ჯოჯოხეთს ვეძახი“ ამბობს მწუხარებით ნათელა ბურდული.

ზამთრის მოსვლის ეშინიათ. რადგან სოფელში აღარავინ დარჩა, ვინც გასაჭირის დროს დაეხმარებათ.

„არმინდა გამოვიდე და გავხედო. რატომღაც მგონია, რომ გამოვალ ვიღაცას დავინახავ. გავიხედავ მარა გვიან მივხვდები, რომ არავინ არ არის საერთოდ“, - აცხადებენ ოფლის ბოლო მოსახლეები TIA.GEსთან საუბარში.

ხშირია საქართველოს მთიანეთიდან მოსახლეობის ბარში გადმოსახლება. უამრავი სოფელი ნასოფლარად იქცა. რაც უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც საქართველოს ეკონომიკაზე, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. მთიდან ბარში გადმოსახლების ძირითადი მიზეზი, ცხოვრების მინიმალური პირობების არარსებობაა.

ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა