თამარ გაბუნია ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის შესახებ განმარტებას აკეთებს
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია უწყების ხელმძღვანელის ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიასთან განმარტებას აკეთებს.
თამარ გაბუნიას თქმით, ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, მინისტრი ბინაზე იმყოფება და დისტანციურ რეჟიმში განაგრძობას მუშაობას.
„ჩვენთვის დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ ქალბატონ ეკატერინეს დაუდასტურდა კოვიდი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და რჩება თვითიზოლაციაში ბინაზე, აგრძელებს დისტანციურად მუშაობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება მინისტრ ტიკარაძის აცრის სტატუსს, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ეკატერინე ტიკარაძეს ჩატარებული აქვს აცრა 12-კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდი, თუმცა ამ მდგომარეობის გამო, ბუნებრივია მისი მეორე ვაქცინაცია გადაიხედება და გადავადდება“.
ამასთან, გაბუნიას თქმით, დამატებითი ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ერთიანი განსაზღვრული პროტოკოლი არ არის.
„საერთოდ ინფიცირების შემდეგ მეორე და დამატებითი ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ერთიანი განსაზღვრული პროტოკოლი არ არის. ამ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მიდგომა აქვს, ზოგიერთი ქვეყანა გადატანილი ინფექციის შემდეგ საერთოდ აღარ მიიჩნევს საჭიროდ მეორე ვაქცინაციას,“ - დასძინა გაბუნიამ.