თეგებით ძიება

როგორი იყო გასული წელი უძრავი ქონების სექტორისთვის და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ 2025 წლისთვის - ინტერვიუ ნიკოლოზ კახიძესთან

როგორი იყო 2024 წელი უძრავი ქონების სექტორისთვის, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ კომპანიები და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ უძრავი ქონების ბაზარზე 2025 წლისთვის? - ამ და სხვა მნიშვნელოვანი კითხვებით TIA.GE-მ კომპანია „ბესთ ჰოუმის“ დამფუძნებელს, ნიკოლოზ კახიძეს მიმართა.

- პირველ რიგში მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ.

- კომპანია „ბესთ ჰოუმი“ უძრავი ქონების ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. ჩვენი მიმართულებაა ბინების, კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება, მთელი საქართველოს მასშტაბით. „ბესთ ჰოუმი“ არის უძრავი ქონების ასოციაციის წევრი, ასევე ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე ფართო კომპანია, უძრავი ქონების მიმართულებით, ასევე ჩვენ ვსარგებლობთ ოფიციალური რეალტორის სტატუსით.

- როგორი იყო 2024 წელი უძრავი ქონების სფეროსთვის? რა იყო გასული წლის მთავარი გამოწვევები და მიღწევები?

- 2023 წელთან შედარებით 2024-ში უძრავ ქონებაზე ფასი 10-15 %-ით გაზრდილია, 24 წლის პირველ ნახევარში სტაბილურად მიდიოდა ყველაფერი, ერთი სიტყვით დადებითად, მეორე ნახევრიდან კი იწყება უმნიშვნელოდ შემცირება მუდმივი  აქციების და დოლარის არასტაბილურობის გამო, რაც შეეხება წლის ბოლოს, კონკრეტულად ნოემბერ-დეკემბერში თითქმის 20%-ით დაეცა უძრავ ქონებაზე შეძენის მოთხოვნა.

- უძრავი ქონების ფასი დროთა განმავლობაში იზრდება, თქვენი შეფასებით, რა იწვევს ფასის მატებას და რას უნდა ველოდოთ  ამ მხრივ 2025 წელს?

- დავიწყოთ იმით, თუ რატომ არ არის დაკლებული ფასი... როდესაც ბუმი იყო გაყიდვების დროს და აქტიური მოთხოვნა იყო უცხოელი კლიენტების მიგრაციის გამო, სწორედ ამ ხალხმა ეს ქონება მომატებული ფასით იყიდეს, შესაბამისად ხელმეორედ გაყიდვის დროს მინიმუმ იმ თანხად უნდა გაყიდონ რა თანხაშიც ის კონკრეტული ქონება იყიდეს, ეს კონკრეტული მიზეზი ერთ-ერთია იმათგან, თუ რატომ იმატებს უძრავ ქონებაზე ფასები. კიდევ ერთი მიზეზი გახლავთ ასევე დოლარის არასტაბილურობა. რაც შეეხება 2025 წელს საშუალოდ 15%-ით ველოდებით ფასების ზრდას გასაყიდ ქონებაზე.

- ვინ არიან საქართველოში უძრავი ქონების  ძირითადი მყიდველები და რა ტიპის ქონებაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა? 

- 2024 წლის პირველ ნახევარში 50/50-ზე იყო ქართველი და უცხოელი კლიენტების რიცხვი (ამას ვამბობ ჩვენი კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით). მეორე ნახევრიდან კი ძირითადად  ქართველი კლიენტები ჭარბობენ - პროცენტულად 70/30-ზე.

ყველაზე დიდი მოთხოვნა ბინებზე მოდის. ძირითადად მას კლიენტები საინვესტიციოდ ან გასაქირავებლად  ყიდულობენ. ამასთანავე ყიდვისას დიდ ყურადღებას აქცევენ მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს.

- თბილისის რომელი უბნებია ყველაზე მოთხოვნადი?

- ძირითადი მოთხოვნა მაინც საბურათლოს რაიონზე მოდის, რადგან აქ ყველაზე ხელსაყრელ ფასად შეიძლება ბინის გაქირავება, მეორე ადგილზე ძველი თბილისის ტერიტორიაა, ხოლო  მესამე  ადგილზე  ისან-სამგორის ტერიტორია, რომელზეც წინა წელთან შედარებით საშუალოდ 20%-ით არის გაზრდილი მოთხოვნა.

- როგორ მოქმედებს მიგრაცია უძრავი ქონების გაყიდვაზე და რომელი ქვეყნებიდან ჭარბობენ საქართველოში ბინის მყიდველები?

- მიგრაცია თავის მხრივ გავლენას ახდენს უძრავ ქონებაზე, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე 2024 წელს შემცირებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში უძრავი ქონების შეძენით, ძირითადად ის ადამიანები  ყიდულობენ უძრავ ქონებას  ვინც უკვე აქ ცხოვრობს დიდი ხანია.

ძირითადი მოთხოვნა მაინც რუსებიდან მოდის, შედარებით მცირე მოთხოვნაა ევროპის მოქალაქეების მხრიდან.

- როგორ აისახა ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები უძრავი ქონების გაყიდვებზე და ზოგადად რა ახდენს ნეგატიურ გავლენას  ამ მხრივ?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბოლო თვეში  საშუალოდ 20%-ით არის დაკლებული მოთხოვნა უძრავი ქონების შეძენაზე.

- და ბოლოს, როგორია თქვენი მოლოდინი 2025 წლისთვის?

- ჩვენი მოლოდინი ფასებთან დაკავშირებით არის ის, რომ უძრავ ქონებაზე ფასები სადღაც 10-15%-ით კვლავ მოიმატებს, დასტაბილურდება ქვეყანაში სიტუაცია და ისევ მზარდი იქნება პროცენტული მაჩვენებელი იმ ხალხის ვინც უძრავ ქონებას შეიძენს.

- წარმატებებს გისურვებთ!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა