სინდრომი, რომლის მქონეთათვის ვაქცინაცია აკრძალულია
"ასტრაზენეკას" კოვიდვაქცინით აცრის მსურველთათვის ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ ახალი მითითება გამოსცა: თუ ადამიანს აქვს კაპილარული გაჟონვის სინდრომი, იგივე კლარქსონის დაავადება, "ასტრაზენეკას" მიერ წარმოებული ვაქცინით არ უნდა აიცრას.
"ევროკავშირის წამლის სააგენტოს მედიკამენტების უსაფრთხოების კომიტეტმა დაასკვნა, რომ ადამიანები, ვისაც მანამდე ჰქონდათ კაპილარული გაჟონვის სინდრომი, არ უნდა აიცრან Vaxzevria-ით, რომელიც მანამდე ცნობილი იყო AstraZeneca-ს ვაქცინის სახელით.
კომიტეტმა ასევე დაასკვნა, რომ კაპილარული გაჟონვის სინდრომი უნდა შეიყვანონ პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში, როგორც ვაქცინის გამოყენების უკუჩვენება, ასევე ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ ჯანდაცვის პროფესიონალებსა და პაციენტებს რისკის თაობაზე", –
ნათქვამია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კომიტეტმა კაპილარული გაჟონვის სინდრომის 6 შემთხვევა სიღრმისეულად შეისწავლა იმ ადამიანებში, რომლებმაც "ასტრაზენეკას" პრეპარატით ჩაიტარეს ვაქცინაცია.
"შემთხვევათა უმეტესობა ქალებში მოხდა ვაქცინაციიდან ოთხი დღის განმავლობაში. სამ დაზარალებულს ანამნეზში ჰქონდა კაპილარული გაჟონვის სინდრომი, მოგვიანებით ერთი მათგანი გარდაიცვალა", – განაცხადა კომიტეტმა.
კომიტეტის განცხადებით, ჯანდაცვის პროფესიონალებმა უნდა იცოდნენ კაპილარული გაჟონვის სინდრომის ნიშნების, სიმპტომების და მათი განმეორების რისკის შესახებ იმ ადამიანებში, რომელთაც ადრე ამ დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.
რაიმე ნიშნების შემთხვევაში კი ვაქცინირებულმა ადამიანებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.
საქართველოში, ვაქცინაციის ცენტრებში, უკვე მიიღეს ეს მითითება და შესაბამისი სიფრთხილის ზომების დაცვის მიზნით, კითხვარში დამატებითი კითხვები შეიტანეს.
რა არის კაპილარული გაჟონვის სინდრომი ანუ კლარქსონის დაავადება
კაპილარული გაჟონვის სინდრომი იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლის პლაზმის მასიური გაჟონვით სისხლძარღვებიდან მეზობელ ღრუებსა თუ კუნთებში. ეს იწვევს წნევის მკვეთრ ვარდნას, რომელსაც თუ არ ვუმკურნალებთ, შესაზლოა პოლიორგანული უკმარისობა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
კლარკსონის დაავადება შეცდომით შეიძლება მივიჩნიოთ გავრცელებული ინფექციით გამოწვეულ სეპტიურ შოკად ან მძიმე ალერგიულ რეაქციად (ანაფილაქსიურ შოკად). სინდრომის განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა შეტევები შეიძლება პროვოცირებული იყოს ზედა სასუნთქი გზების ინფექციით ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვით. შეტევების სიხშირე ვარირებს და შეიძლება განვითარდეს წელიწადში რამდენიმეჯერ ან - სიცოცხლეში ერთხელ.
სიმპტომები:
კაპილარული გაჟონვის სინდრომის განვითარებას ხშირად წინ უძღვის რამდენიმე არასპეციფიკური სიმპტომი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
გაღიზიანებულობა;
დაღლილობა;
ტკივილი მუცელში;
გულისრევა;
კუნთების ტკივილი;
მომატებული წყურვილიანობა;
სხეულის მასის უეცარი მატება;
მას შემდეგ, რაც პლაზმა გაჟონავს სისხლძარღვებიდან, სისხლის საერთო მოცულობა მცირდება და არტერიული წნევა ეცემა. ამის შედეგად კი ჟანგბადი აკლდება თირკმელების, ტვინის, ღვიძლის ქსოვილებს, რაც მათი ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას იწვევს.
სიხლში კი ამ დროს აღინიშნება პოლიციტემია (სისხლის ფორმიანი ელემენტების მატება, თუმცა ის ჭეშმარიტი პოლიციტემია არ არის, არამედ პლაზმის დაკარგვით არის გამოწვეული), ჰემატოკრიტის მატება (ჰემატოკრიტი არის ერითროციტების პროცენტული შეფარდება სისხლის მთლიან მოცულობასთან), ჰიპოალბუმინემია (ცილების ნაკლებობა).
mkurnali.ge