თეგებით ძიება

ბოლო 6 თვეში, საქართველოში მკვლელობა 25%-ით, ქურდობა 87%-ით, ხოლო ძალადობა და მუქარა 100%-ით გაიზარდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა.

"შაბათის ფორმულას" ინფორმაციით, მაგალითად, მკვლელობა გაზრდილია 25 პროცენტით, ქურდობა 87%-ით, 100 პროცენტით გაიზარდა ძალადობა და მუქარა - ეს ბოლო 6 თვის სტატისტიკაა. ექსპერტები და სპეციალისტები პოლიციის უუნარობასა და ჩამოშლილ სისტემაზე საუბრობენ.

"ძალიან ხშირად შევხვდებით და მსმენია ეს სხვადასხვა ადამიანისგან, რომ სხვადასხვა უბნებში, ღამის სამ საათზე, ოთხ საათზე ხდება კრიმინალური გარჩევები, ქუჩური გარჩევები და ისიც მსმენია ამ ადამიანებისგან როდესაც პოლიციასთან ჰქონიათ ურთიერთობა უთქვამთ რომ უბნებში, სადარბაზოებში და ასე შემდეგ პოლიცია არ შედის, ერიდება და ასე შემდეგ", - ამბობს სამართლის ექსპერტი და ადვოკატი ზაზა დათუკიშვილი.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო კრიმინალთან ბრძოლისთვის მზად არ არის, მიზეზი კი, მათი თქმით, სტრუქტურებში პროფესიონალების ნაკლებობა და ნეპოტიზმის მაღალი მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა და ე.წ. გარჩევებში მონაწილეობა კანონით ისჯება, კრიმინალური ავტორიტეტების გავლენა არ სუსტდება. ქურდული სამყაროს ხელშეუხებლობაზე შაბათის ფორმულასთან საუბრობს ყოფილი პროკურორი . მისი თქმით, კანონის ძალა ქურდული სამყაროს გავლენების შესამცირებლად არც დაკავების დროს მოქმედებს.

ყოფილი პროკურორი ძალოვანი უწყებების მხრიდან საქმის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ყვება, რომ სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდა ან შემცირება ფართოდ გავრცელებული მეთოდია, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის გამოქვეყნებული სტატისტიკა კი არასანდო.

"პიროვნება დააკავეს, რომელმაც აღიარა ერთ-ერთი ქურდობა. იმავე განყოფილებაში არის მსგავსი ტიპის გაუხსნელი 5 ან 6 ქურდობა. შესთავაზებენ ამ ადამიანს საპროცესო შეთანხმებას ან რაიმე სხვა ტიპის შეღავათს და ავტომატურად იხსნება 6 ან შვიდი ქურდობა. ანუ ეს ადამიანი საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით აღიარებს ხელოვნურად იმ სხვა დანაშაულების ჩადენასაც. ეს საკმაოდ გავრცელებული მეთოდია და რეალურად დამნაშავე ხომ დაუსჯელი რჩება?! ფორმალურად დანაშაული გახსნილია, სტატისტიკა გაბერილია", - თქვა ლევან მახარაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა