იატაკქვეშა ვაქცინაცია - VIP ხალხი, რომლებიც რეგისტრაციის გვერდის ავლით იცრებიან
საქართველოში მიღებული ვაქცინების 3% პროცენტი, ანუ ჯამში 2 580 დოზა დაიკარგა. კითხვას, თუ სადა გაქრა ვაქცინები პასუხი უნდა გასცეს აუდიტის სამსახურმა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრში შევიდა.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი სავარაუდოდ, იატაკქვეშ, არალეგალურად მიმდინარეობს. როგორც "ტვ პირველის შაბათის ეთერს" სანდო წყარო უყვება, ამ დოზებით პრივილეგირებული მოქალაქეები რეგისტრაციის გვერდის ავლით აცრეს. VIP სიაში მყოფებს ჯანდაცვის სამინისტრო "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" აგზავნიდა, რადგან ამ კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი მათთვის სანდო კადრს აბარია.
"ტვ პირველის შაბათის" ეთერისთვის ცნობილი გახდა, რომ არარეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ახლო მეგობარი აკონტროლებს.ჯაკო უგრეხელიძე ტიკარაძის მოადგილის,თამარ გაბუნიას მეგობარია და მას "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" ვაქცინაციის მიმართულება ჩააბარეს.
უგრეხელიძე ადასტურებს, რომ მინისტრის მოადგილესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, თუმცა უარყოფს, რომ ვაქცინაციის პროცესი მას აბარია.
თამარ გაბუნიასთან მაქვს საქმიანი ურთიერთობა და ძალიან კარგი ურთიერთობა მათ შორის მეგობრულიცმე ვარ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე”, - ამბობს ჯაკო უგრეხელიძე.
თამარ გაბუნია კი ადასტურებს, რომ ჯაკო უგრეხელიძე ვაქცინაციის პროცესს მართავს.
"რესპუბლიკური საავადმყოფოს" თანამშრომლები ამბობენ, რომ ჯაკო უგრეხელიძის კაბინეტში არარეგისტრირებული მოქალაქეები იცრებოდნენ.
სქემა ასეთია - დოკუმენტებში აფორმებდენ, რომ მაგალითად “ასტრაზენეკას” 7 დოზა გამოიყენეს დანარჩენი 3 კი გაფუჭდა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, “ასტრაზენეკას” გაფუჭებულად გაფორმებული 2500-ზე მეტი დოზიდან ყველაზე მეტი – 700 ერთეული დოზა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე მოდის. ეს დოზები 350 ადამიანის ვაქცინაციისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა.
"რესპუბლიკური საავადმყოფოს" დირექტორი ლევან გოფოძე ამბობს, რომ ვაქცინების გაქრობაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამქრალ ვაქცინებზე 22 ივნისს მედიისთვის განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინების რაოდენობის შესახებ ბაზაში სხვა მონაცემები არსებობდა. NCDC-ის დირექტორმა მომხდარი არასწორი ადმინისტრირებით ახსნა და თქვა, რომ დოზები დაკარგული არ არის.