თრომბის ნიშნები - როგორ ამივიცნოთ სიმპტომები
თრომბი სხეულის სხვადასხვა ნაწილში შეიძლება წარმოიქმნას, რაც შესაძლოა სავალალო შედეგებით დასრულდეს, ამიტომ აუცილებელია თითოეულ სიმპტომს ყურადღებით მოეკიდოთ და დროულად მიმართოთ ექიმს.
თრომბის ნიშნები
არტერიების მეშვეობით ჟანგბადით მდიდარი სისხლი გულიდან სხეულის ყველა უჯრედამდე აღწევს და ისინი ჟანგბადით მდიდრდებიან.
არტერიებში სისხლის კოლტების, თრომბების გაჩენა გულის, ფილტვებისა და ტვინის უჟანგბადობას იწვევს, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. თრომბი გულის შეტევის, ან ინსულტის მიზეზი შეიძლება გახდეს.
თრომბები შეიძლება ვენებშიც გაჩნდეს, სისხლძარღვებში, რომლელთა მეშვეობითაც სისხლი უკან გულს უბრუნდება.
არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებსაც სიფრთხილისა და ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ.
ამ ნიშნებს თუ დროულად მივაქცევთ ყურადღებას და მივმართავთ ექიმს, შესაძელებელი იქნება მძიმე შედეგების თავიდან აცილება.
სიმპტომები შეიძლება იყოს რამდენიმე ერთდროულად, ან მხოლოდ რომელიმე კონკრეტული კლინიკური ნიშანი იჩენდეს თავს.
ხელები და ფეხები
ზედა და ქვედა კიდურების კანის
ზედაპირის ქვეშ ღრმა ვენაში თრომბის წარმოქმნა ღრმა ვენის თრომბოზის (DVT) სახელით არის ცნობილი.
ეს, რა თქმა უნდა, საშიშია, ვინაიდან აქ არსებულმა თრომბმა შესაძლებელია გული და ფილტვები დააზიანოს.
ღრმა ვენის თრომბოზის სიმპტომებია:
• შეშუპება
შესაძლოა მთლიანი ფეხი ან ხელი იყოს შეშუპებული, ან ზუსტად ის ადგილი, სადაც თრომბია წარმოქმნილი.
• ფერის ცვლილება
შესაძლებელია ფეხის ან ხელის კანმა ფერი იცვალოს, გახდეს მოლურჯო, ან წითელი. ასევე, დამახასიათებელია კანის ქავილი.
• ტკივილი
თრომბის განვითარება ტკივილს იწვევს. აღნიშნული ტკივილი ფეხის, ხელის ან მუცლის მიდამოში შეიძლება იყოს ლოკალიზებული. ამასთანავე, ტკივილის შეგრძნება ცვალდებადი ხასიათისაა (ინტენსიურ ტკივილს ყრუ ტკივილი შეიძლება ანაცვლებდეს და პირიქით).
• კანის სიმხურვალე
ღრმა ვენის თრომბოზის დროს ფეხის ან ხელის ის უბანი, რომელშიც თრომბია, კანის სხვა უბნებთან შედარებით თბილია.
• სუნთქვის პრობლემა
თუ სუნთქვის პრობლემა შეგექმნათ, ეს შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ თრომბმა ხელიდან ან ფეხიდან ფილტვებისაკენ გადაინაცვლა.
შესაძლებელია დაგეწყოთ ხველა (სისხლიანი ხველაც), ან თავბრუსხვევა და ტკივილი მკერდის არეში. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყონებლივ დაურეკეთ სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრს.
• ქვედა კიდურების „კრუნჩხვა“
ფეხის განასკვა, კრუნჩხვა ქვედა კიდურებში, თრომბის ერთ-ერთი ნიშანია.
• ედემა
ღრმა ვენის თრომბოზმა შეიძლება სითხის შეკავება (ედემა) გამოიწვიოს. შესიებულ ადგილას თითის დაჭერისას, კანი „ორმოსავით“ ხდება (იზნიქება).
ის ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წამით რჩება.
• ვენების მდგომარეობა
ვენები შეშუპებული და მტკივნეულია. ტკივილი შეხებისას ძლიერდება.
გული
თრომბი, რომელიც გულის შეტევის მანიშნებელია, შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:
• ძლიერი ტკივილი მკლავსა და გულ-მკერდის არეში;
• ოფლიანობა;
• სუნთქვის გაძნელება.
ფილტვები
ფილტვებში მოხვედრილი თრომბი თავდაპირველად ხელის ან ფეხის ღრმა ვენაში წარმოიქმნება, სადაც იშლება და შემდეგ გადაადგილდება აღნიშნული მიმართულებით.
თუ თრომბი ფილტვებში გადაადგილდა, ფილტვის ემბოლია ვითარდება, რაც ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობაა.
დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, შემდეგი სიმპტომების შემთვევაში:
• სუნთქვა გიჭირთ;
• გულმკერდის არეში გაქვთ ტკივილი;
• დაგეწყოთ ხველა;
• გაქვთ ოფლიანობა;
• თავბრუსხვევა.
თავის ტვინი
თავის ტვინის სისხლძარღვების კედელზე ცხიმოვანი ნადების წარმოქმნა შეიძლება თრომბის გაჩენის მიზეზი გახდეს. ასევე, თავის ტვინში თრომბი შეიძლება ტრავმის შედეგად განვითარდეს.
სხვა შემთხვევებში, სისხლის კოლტები, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მაგალითად კისერში, გულ-მკერდში, წარმოიქმნება, შესაძლოა სისხლის მიმოქცევის გზით თავის ტვინშიც მოხვდეს და დააზიანოს ის, რაც ინსულტს იწვევს.
იფრთხილეთ შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:
• მხედველობისა და მეტყველების უეცარი გაუარესება;
• გულის წასვლა (კრუნჩხვა);
• საერთო ზოგადი სისუტე.
მუცელი
ვენებში, რომლითაც სისხლი ნაწლავებიდან გამოდის, შესაძლებელია თრომბის განვითარება. ეს შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაავადებამ, დივერტიკულიტმა, ასევე - ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა.
მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:
• ძლეირი ტკივილი მუცლის არეში (ტკივილი ზოგჯერ ჭამის შემდეგ უარესდება);
• გულისრევა, ღებინება;
• დიარეა;
• შებერილობა;
• სისხლიანი განავალი.
თირკმელები
თირმელებში თრომბის გაჩენა ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას შეუშლის ხელს. ეს კი მაღალი წნევისა და თირკმლის უკმარისობის მიზეზად შეიძლება იქცეს, რაც ძალიან საშიშია.
გაითვალისწინეთ შემდეგი სიმპტომები:
• ტკივილი ფეხის, მუცლის ან ბარძაყის მიდამოში;
• სისხლიანი შარდი;
• გულისრევა, ღებინება;
• სიცხე;
• მაღალი არტერიული წნევა;
• ფეხის მოულოდნელი მწვავე შეშუპება;
• სუნთქვის პრობლემა.
mkurnali.ge