მართვით სუნთქვაზე მყოფი კოვიდინფიცირებული 3 ჩვილის მდგომარეობა მძიმეა
სამი ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა, რომლებიც ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მკურნალობენ, მძიმეა - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბავშვებში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელება მეტია, ვიდრე სხვა ვარიანტების.
„კორონავირუსის ინდური ვარიანტი მეტად აინფიცირებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. ბავშვებში ეს ვარიანტი უფრო მეტია, ვიდრე ალფა და ჩინური ვარიანტი. ამის უკან უფრო მეტი რისკი დგას. რისკი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის, მათი მდგომარეობის დამძიმების. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, რომელიც მართავს კორონავირუსით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებს, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში უკვე სამი, წლამდე ასაკის პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაავადების მიმდინარეობის ასეთი სიმძიმე არ ყოფილა კორონავირუსის მეორე ტალღის დროს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.