"გაყიდვები 18%-მდე გაიზარდა" - შარშან საქართველოდან $5 მილიონზე მეტი ღირებულების ლუდის ექსპორტი განხორციელდა
დასაწყისიდან მოყოლებული ლუდის გაყიდვების მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15-18%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულმა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივად პროდუქციის გაყიდვების ზრდის პარალელურად, ლარის გაუფასურების გავლენით, გაძვირებული ნედლეულის გამო პროდუქციის ღირებულება შემცირდა.
„გაყიდვები მზარდია. პრაქტიკულად ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანაში გასულ თვეებში დაფიქსირდა, დაახლოებით ამ ეკონომიკურ ზრდას მიუყვება ჩვენი გაყიდვების რაოდენობა. დაახლოებით წლის დასაწყისიდან 15-18%-იანი ზრდა გვაქვს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა შემცირებულია ღირებულება ანუ დაგეგმილ ღირებულებაზე ვერ გავდივართ, რადგან გაძვირებულია პროდუქცია ლარის დევალვაციის გამო ანუ ის პროდუქცია, რომლის საშუალებითაც საბოლოო პროდუქტს ვქმნით. შესაბამისად ჩვენ ვერ ვაძვირებთ პროდუქტს ინფლაციაზე მეტად. ეს ყველაფერი რაოდენობაში აისახება დადებითად, თუმცა ღირებულებაში ვერ მივუყვებით იმ ფინანსურ პარამეტრებს, რომელიც გვქონდა“-აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ლუდის ინდუსტრიისთვის ექსპორტის თვალსაზრისით წარატებული იყო გასული წელი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ქვეყნიდან 5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ლუდის ექსპორტი განხორციელდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე კარგი მაჩვენებელია.
საქართველოდან განხორციელებული ლუდის ექსპორტი რიცხვებში ასე გამოიყურება:
2017 წელი - $3,898 მლნ - 4,636 ტონა
2018 წელი - $4,365 მლნ - 4,351 ტონა
2019 წელი - $3,480 მლნ - 4,203 ტონა
2020 წელი - $5,052 მლნ - 5,492 ტონა
2021 წელი ( 5 თვე) - $1,146 მლნ - 1,333 ტონა
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოდან ლუდის ექსპორტი 30-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა. აქედან მთავარი საექსპორტო ბაზრები საქართველოსთვის ჩინეთი, რუსეთი და აზერბაიჯანია.
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ გაზრდილია ლიმონათის ექსპორტიც და ამ მიმართულებით „ ნატახტარს“ წლის ბოლომდე კონკრეტულ მაჩვენებელზე გასვლა აქვს დაგეგმილი. მისი თქმით, ლიმონათი სერიოზული პოტენციალის მქონე საექსპორტო პროდუქტია, საიდანაც მიღებული შემოსავლები ლარის დევალვაციით გამოწვეულ პრობლემებს აბალანსებს.
„ლიმონათის ექსპორტი გაზრდილია, დაახლოებით 30 მილიონი ლიტრის ექსპორტის მაჩვენებელზე უნდა გავიდეთ წლის ბოლოს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენმა კომპანიამ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაახუთმაგა ექსპორტი, მაშინ როცა ქვეყანამ გააორმაგა. ლიმონათი არის ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში და ამერიკაში. უფრო მეტს ვყდით ექსპორტზე, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე. ეს არის სერიოზული საექსპორტო პოტენციალის პროდუქტი და ეს არის ის თანხა, რომელიც აბალანსებს ლარის დევალვაციით გამოწვეულ პრობლემას“-აცხადებს ხუნძაკიშვილი და დასძენს, რომ „ნატახტარი“ წარმოებული პროდუქტის 60% სწორედ საექსპორტო ბაზრებზე ყიდის.
bm.ge