თეგებით ძიება

არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი...შემომთავაზეს გაქცევა, მაგრამ უარი ვთქვი - ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობაში ბრალდებული

არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი, - განაცხადა "ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულმა დავით კუტალაძემ სასამართლოზე.

მისი თქმით, შესთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ უარი თქვა, რადგან გასაქცევი არ აქვს.

"ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ბიჭი ვარ ქუთაისიდან. აქ არაერთხელ გააჟღერეს, რომ მოძალადე ვარ და ჯგუფური თავდასხმის შედეგად ჟურნალისტებზე.

ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ლგბტ პირებმა ჩვენი დროშის ფონზე და ქართული მუსიკის ფონზე ჩაიწერეს უმსგავსი საქციელები, ჩვენს ბიბლიას, ჩვენს სამებას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ ყველაფერს სახელი დაარქვეს, რომ ისინი გამოვიდოდნენ რუსთაველზე და დაარქვეს ღირსების მარში, ეს იყო ჩვენი სულიერი, მორალური, ადამიანური გამოწვევა. ამ საქციელებით დავრწმუნდი, რომ მათ სურდათ, რომ ჩვენ გვეძალადა მათზე...

მათ შემოუშვეს ჟურნალისტები, ვერავინ იტყვის, რომ მე მოძალადე ვარ, 5-ჯერ მაქვს ვეროპის საზღვარი გადაკვეთილი, საქართველოშიც 29 წლის მაჩვენეთ წვრილმანი ხულიგნობაც თუ ჩამიდენია, მათ სურთ ჩემგან მოძალადე შექმნან, რადგან შეეხნენ ჩვენს ძვირფასს, მე ვზრუნავ ჩემი მომავლისთვის, მე სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი თაობისთვის.

ჟურნალისტებმა დამაბრალეს იმ ადამიანის ხელყოფა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ვინც გარდაიცვალა. განცხადება დადეს, რომ ადამიანს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული, ტვინის შეშუპება მიღებული, შემდეგ ვნახეთ ვიდეო, ადამიანი შოუში გამოდის და ნახევარი საათი საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ მას არაფერი არ ჭირს და რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, 6 დღის მერე იდება ვიდეოები, რომ ადამიანი აფთიაქში შედის, მერე არაფხიზელ მდგომარეობაში ბრუნდება.

მე მაშინ მივხვდი სწორ გზაზე, რომ ვიდექი, ყველამ შემომიტია, ტელევიზიამ, ჟურნალისტებმა, ხალხს გააცნეს, როგორც მოძალადე,

მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ყოველთვის იამაყებს რომ ქართველია.

ჟურნალისტობა იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს, უნდა გააშუქო სიმართლე. გარდაცვლილი ადამიანის კოლეგამ ჩვენზე დაწერა და ის არის, ვინც მე ხელი დამადო. ვაჟკაცის პირველი ღირებულებაა ქალს ხელი არ ახლოს.

მე შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ მე უარი ვთქვი, დავრჩი ჩემ ბიჭებთან, მე გასაქცევი არ მაქვს, გასაქცევი იმ ადამიანს აქვს ვინც მართალი არაა და ხმამაღლა არ ლაპარაკობს.

მე შეიძლება საკმარისი განათლება არ მქონდეს, ღარიბ ოჯახში გავიზარდე და ადვოკატის აყვანის საშუალებაც არ მქონდა, მაგრამ მე მართალი, ქართველი ვაჟკაცი ვარ, ვინც მომავალზე ზრუნავს. იმ ფერადი დროშის უკან სატანა დგას, მათ არ გააჩნიათ მორალი, მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი, რომელიც კავკასიის გულში არასდროს მოგცემთ უფლებას ასეთი მარში ჩატარდეს. მათ არ იციან რას ნიშნავს ადამიანობა, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. თქვენ წინ დგას ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, ვინც თავისი ხელებით აჭმევს მის დედ-მამას, ვისაც აქვს მეურნეობა. მე არ მეშინია არავისი, ვინაიდან ჩვენ მართალი ხალხი ვართ. მე დამაბრალეს შავი დაჯგუფების წევრად და რუსეთთან კავშირი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო. მე აქედან შეიძლება ციხეში ამომაყოფინონ თავი, რადგან მე პატიოსანი გლეხი ოჯახის შვილი ვარ, მათ ჩემ წინააღმდეგ არანაირი მასალა არ აქვთ, შოუებშიც კი ყველანი ერთდროულად შემომიტრიალდა, მაშინ მივხვდი რომ მართალ გზაზე ვდგავარ",- განაცხადა კუტალაძემ.

დავით კუტალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო 11 ივლისის დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. შსსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მიხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკულ ზედოზირებას ასახელებს.

interpressnews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა