Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება, აცრა - ორშაბათს
კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით პირველი დოზით აცრისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება, უშუალოდ აცრა - ორშაბათს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესში გარკვეული ცვლილებები შევიდა.
"საქართველომ მიიღო ამერიკის მთავრობის დონაციით გადმოცემული ნახევარი მილიონი Pfizer-ის ვაქცინა. შაბათს, 12 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია, ხოლო უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება ორშაბათს 37 სამედიცინო დაწესებულებაში. სამედიცინო დაწესებულებები არის თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ასევე სხვა რაიონულ და რეგიონულ ცენტრებში, რაც მოქალაქეს საშუალებას მისცემს, აირჩიოს გეოგრაფიულად მისთვის ხელმისაწვდომი ლოკაცია.
გარკვეული ცვლილებებია რეგისტრაციის წესში, რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას მიიღებს 24 საათის განმავლობაში სმს-ის სახით. ამდენად, მას შემდეგ, რაც მოქალაქე ჩვეული წესით პორტალზე შეიყვანს მოთხოვნილ ინფორმაციას, წინასწარი რეგისტრაციის პროცესი შესაძლოა, მან დასრულებულად ჩათვალოს და სმს-შეტყობინებას დაელოდოს, სადაც იქნება მითითებული ის დრო, რომელიც მან აირჩია, ასევე დაწესებულება, სადაც უნდა მივიდეს ვაქცინაციისთვის. ეს არის სიახლე, რაც განსხვავდება წინა პერიოდში გამოყენებული რეგისტრაციის წესისგან.
რეგისტრაცია ხვალიდან იქნება შესაძლებელი პორტალის და 15-22 სატელეფონო სერვისის საშუალებით. რამდენიმე დღის შემდეგ, ვინაიდან დოზების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ყველა მსურველის დაკმაყოფილება.
ჩვენ უკვე ვაქცინაციას დავიწყებთ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის საშუალებით, ანუ, თუნდაც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც დაინტერესდება Pfizer-ის ჩატარებით და მისთვის ყველაზე ახლო მდებარე და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ სამედიცინო დაწესებულებას შეარჩევს, კლინიკაში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლება ჩაიტაროს ვაქცინაცია და მას ადგილზე დაარეგისტრირებს სამედიცინო პერსონალი.
Pfizer-ის ვაქცინა ჩატარდება მხოლოდ ჰოსპიტლებში, ჯერჯერობით ამბულატორიულ ქსელში არ ჩატარდება. Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინაციაც ჩვეულებრივი რეჟიმით გაგრძელდება. Pfizer-ზე რეგისტრაცია შეუძლია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებს და ასევე ინფექციის დადასტურებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ყველა პირს, რომელმაც გადაიტანა კოვიდინფექცია. ეს არის ორი ახალი ჯგუფი, რომელიც დაემატა და მათაც შეუძლიათ დარეგისტრირება,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.