ყირიმ-კონგოს ვირუსი და COVID-19 ახალციხელ ქალს ერთდროულად დაუდასტურდა
ახალციხელ ქალს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და კორონავირუსი დაუდასტურდა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პაციენტი, თავდაპირველად, ახალციხის კლინიკა "იმედში" შეიყვანეს, ყირიმ-კონგოს დადასტურების შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს.
კლინიკა "იმედში" ამბობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო.
"წუხელ გადაიყვანეს თბილისში, ძალიან მძიმე არ იყო მდგომარეობა. ტკიპას ნაკბენს უფრო ადრე აღნიშნავდა, მაგრამ ჩვენთან ორივეთი შემოვიდა", - განაცხადა "იმედის" კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.
ახალგაზრდა ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 23 ივლისს, გვიან შეიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტს ორივე ვირუსულ ინფექციაზე სწრაფი ტესტი გაუკეთეს, იმის გამო, რომ ორივე რთული დაავადებაა, საჭიროდ ჩათვალეს ღრმა, PCR კვლევის ჩატარება. მისი პასუხები მოგვიანებით იქნება ცნობილი.