რამდენი პროცენტით აფინანსებს სახელმწიფო C ჰეპატიტის მკურნალობას
28 ივლისი C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ევროპაში სანიმუშო სტატუსი მიენიჭა, ვინაიდან სკრინინგი ჩაუტარდა დაახლოებით 2,3 მილიონ ადამიანს, მკურნალობაში ჩაერთო 74 ათასზე მეტი პირი, მათგან მკურნალობა 70 ათასზე მეტმა პაციენტმა დაასრულა. შედეგად დაფიქსირდა რევოლუციური მიღწევა - სრულიად განიკურნა დაავადებულთა 98.8%.
C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეებს დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები; პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდადებულები; პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები.
რა სერვისებს მოიცავს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა: C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი; დიაგნოსტიკური კვლევები; დაავადებულ პირთა C ჰეპატიტის სამკურნალო-ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფა.
პროგრამაში ჩართვის მექანიზმებია: C ჰეპატიტის სკრინინგი; პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებაში სისხლში აქტიური ინფექციის (HCV) დამადასტურებელი კვლევა; პირველადი რეგისტრაცია C ჰეპატიტის მკურნალობის ერთიან ელექტრონულ სისტემაში - elimination.moh.gov.ge; პროგრამით განსაზღვრული დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება; კომისიის მიერ რეგისტრირებული პაციენტის დოკუმენტაციის განხილვა ონლაინ რეჟიმში; სატელეფონო შეტყობინება მკურნალობის დაწყების თაობაზე (პირველადი რეგისტრაციიდან 7-10 დღეში).
სახელმწიფო მკურნალობას 100%-ით აფინანსებს და მოსარგებლეთათვის სრულად ანაზღაურებს: უახლესი თაობის ანტივირუსულ მედიკამენტებს; მკურნალობაში ჩართვამდე საჭირო დიაგნოსტიკურ კვლევებს; მკურნალობის პროცესში მონიტორინგისთვის საჭირო კვლევებს.