თეგებით ძიება

პრემიერი - კოვიდი კლავს ადამიანს და აცრა იცავს სიკვდილისგან

კოვიდი კლავს ადამიანს და აცრა იცავს სიკვდილისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოს მერობის კანდიდატის, ავთანდილ გულიკაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„ძალიან მოკლედ ვიტყვი პოლიტიკურ ვითარებაზე. მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უნდა ჩავატაროთ მშვიდ და სტაბილურ გარემოში. უნდა შევძლოთ და კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ. დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, მაქსიმალურად დავიცვათ წესები. ცესკოს ჩვენ შევთავაზეთ და წარმატებით დაიწყო მაჟორიტარი კანდიდატებისა და მერობის კანდიდატების, ასევე კომისიის თითოეული წევრის აცრა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ ჩვენ, ყველამ ერთად. პანდემია არის სერიოზული ხელს შემშლელი იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანაში არსებობს და იმ წინსვლის და იმ ტემპების შემაფერხებელი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. პანდემია არის შემაფერხებელი ჩვენი სწრაფი ეკონომიკური ზრდის. ამისათვის აუცილებელია ვაქცინაციის გაფართოება. ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადოდ გაცნობიერებული აღნიშნული რისკი, მაგრამ რისკი არის ძალიან ხილული და ნათელია, რომ კოვიდი კლავს ადამიანს და აცრა იცავს სიკვდილისგან. ამ არგუმენტით ვფიქრობთ, რომ ჩვენ ჩვენი თითოეული თანამოქალაქე უნდა დავარწმუნოთ აცრის აუცილებლობაში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ გამოვცადეთ ჩაკეტვაც, მკაცრი სიტყვა ლოკდაუნიც, სრული ჩაკეტვაც. არა მხოლოდ ჩვენ, მსოფლიომ გამოსცადა.

ათასობით ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, ეკონომიკამ მიიღო უზარმაზარი ზიანი. მთავრობამ აიღო 3 მლრდ დოლარზე მეტი საგარეო ვალი, რომელიც ჩვენი დ ჩვენი შვილების გადასახდელია. წელს, არა თუ ვალი არ აგვიღია დამატებით, არამედ 1 200 000-ით გავზარდეთ ბიუჯეტი, სულ რაღაც 5 თვის მუშაობის შედეგად. ასე, რომ ამ ტემპს და ამ პოზიტიურ დინამიკას სჭირდება შენარჩუნება. ამის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ დავამარცხებთ პანდემიას. პანდემიის დამარცხება ასე მარტივი არ არს, თუ არ ჩავიტარებთ აცრებს. მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, რომ მოლოდინები ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ, რომ ეს პანდემია დასრულდება რამდენიმე თვეში ან წლის ბოლოს. არავინ იცის. ვუსმენთ რა ჩვენს მეცნიერებს და ყველა იმ საუბრებს, რაც მიმდინარეობს, განვითარებული ქვეყნებიდან, ამერიკიდან, ევროპიდან, მოლოდინი იმისა, რომ პანდემია წლის ბოლოს დასრულდება, არ არსებობს. უფრო მეტიც – მეცნიერები საუბრობენ იმის თაობაზე, რომ რამდენიმე წელიწადი შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ვითარება.

ამიტომ, ადამიანებს მოუწევთ შეგუება პირბადესთან და პანდემიასთან თანაცხოვრება უნდა შევძლოთ ჩვენ. ვინაიდან მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური გამოსავალი ამ სიტუაციაში, როგორიც არის ვაქცინა, ამაზე უარის თქმა, მე ვფიქრობ, არის შეცდომა. შეცდომა, იმიტომ, რომ არავინ იცის, როგორ განვითარდება კოვიდი ამა თუ იმ ადამიანში, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ჩავიტაროთ აცრა, როგორც ჩვენ ვიტარებთ გრიპის აცრას და არაფერი გვემართება, დაახლოებით იგივე ტიპის აცრა არის კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა. მთავარი რაც ხდება, ადამიანი არის დაცული, დაზღვეული სიკვდილისგან. ამიტომ გთხოვთ, რომ ეს ინფორმაცია მივიტანოთ ყველა სოფელში, რომ დავარწმუნოთ საკუთარი მოქალაქეები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაომართება>


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა