უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში საბრძოლო მასალების საცავი დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში საბრძოლო მასალების საცავი დაბომბა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე იყო რუსეთის არმიის 1 060-ე ლოგისტიკური მხარდაჭერის ცენტრი.
უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ადგილზე სულ მცირე რვა აფეთქება მოხდა.
„დაკვირვების შედეგები მიუთითებს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მინიმუმ ორი ხანძრის წერტილის არსებობაზე და მეორადი დეტონაციის ნიშნებზე. დილის ექვსი საათისთვის ძლიერი ხანძარი იყო ბრაიანსკის ოლქის ობიექტზე”, – აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უპილოტო აპარატებმა დაარტყეს რუსეთის ტულის რეგიონში სტრატეგიულ ქიმიურ ქარხანას, რომელიც აწარმოებს საბრძოლო მასალას, დენთს და სხვა სახის მასალებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის.