თეგებით ძიება
07. 09. 2021 COVID - 19

საქართველოში კორონავირუსით ინდოეთის მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინდოეთის მოქალაქე, 58 წლის ვეერარაგავა რაიაუდუ გარდაიცვალა. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ქალი რუხის კლინიკაში 29 აგვისტოს დაიღუპა.

ქალის ოჯახის წევრების თქმით, კლინიკის მედპერსონალი მხოლოდ მას შემდეგ გამოდიოდა ოჯახთან კავშირზე, რაც საქმეში ე.წ. სანაცნობო წრე, კლინიკის ზემდგომი ინსტანციის წარმომადგენლები ერთვებოდნენ. როგორც გარდაცვლილი ქალის რძალი გამოცემასთან აცხადებს, ჯანდაცვის მინისტრთან მიწერილი მოკლე ტექსტური შეტყობინების შემდეგ მოიპოვა ოჯახმა პრეპარატი რემდესივირიც, რომელიც მძიმე კოვიდპაციენტების მკურნალობის პროცესში გამოიყენება.

ვეერარაგავა რაიაუდუ საქართველოში 2019 წლიდან, შვილის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ქვეყანაში დროებითი ბინადრობის უფლებით სარგებლობდა. კორონავირუსით ხობის რაიონში, სოფელ ხეთაში დაინფიცირდა. ვირუსი სახლში გაკეთებულმა სწრაფმა ტესტმა, 9 აგვისტოს დაუდასტურა.

როგორც მისი რძალი, თინათინ ლატარია "რადიო თავისუფლებასთან" აცხადებს, დედამთილის ინფიცირების შესახებ მაშინვე შეატყობინა 112-ს და ქალი ონლაინ ექიმის მითითებებით აგრძელებდა ბინაზე მკურნალობას. 13 აგვისტოს, ექიმის დანიშნულებით ჩაიტარა გამოკვლევები, რამაც სისხლში ცვლილებები და ფილტვის 6-ბალიანი დაზიანება აჩვენა:

„ექიმმა ანტიბიოტიკი დაუნიშნა. მხოლოდ ერთი დოზის დალევა მოასწრო. მეორე დღეს, კვირას, უკვე ცუდად გახდა. დაეწყო კანკალი და სისხლიანი ნახველი, 78-მდე დაუვარდა სატურაცია. გამოვიძახეთ სასწრაფო“, - გვიყვება თინათინ ლატარია.

ავადმყოფის გარშემო ეყარა სისხლიანი ხელსახოცები, ჟანგბადის ნიღაბი სისხლით იყო სავსე
როგორც გარდაცვლილის რძალი იხსენებს, სწორედ ამის შემდეგ იწყება მათი ხანგრძლივი და რთული ურთიერთობა რუხის კლინიკის მედპერსონალთან. რაკიღა ინფიცირებულს არ ჰქონდა კოვიდის დამადასტურებელი ტესტის ოფიციალური საბუთი, ის კლინიკამ იმ დრომდე არ მიიღო სტაციონარში, სანამ ტესტი სხვა კლინიკაში არ გაუკეთეს:

„ასეთი მძიმე პაციენტი დაახლოებით ორი საათი კიდევ აწვალეს, რომ კოვიდის დადასტურებული პასუხი ჰქონოდა. ძალიან ცუდად გრძნობდა ჩემი დედამთილი თავს. უჭირდა სუნთქვა, ჰქონდა სისხლიანი ნახველი, მაგრამ მიმღებში გვეუბნებოდნენ, ამას არაფერი ეტყობა ცუდად ყოფნისო. ასე ალბათ იმიტომ გვეუბნებოდნენ, რომ თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში. არადა, ღამის 11 საათისთვის მოხერხდა მისი სტაციონარში დაწვენა. მოგვაწერინეს დოკუმენტებზე ხელი, რომ რაკი პაციენტი არ იყო საქართველოს მოქალაქე და მას მხოლოდ დროებითი ბინადრობის ხუთწლიანი ნებართვა ჰქონდა, მკურნალობის საფასურს ჩვენ გადავიხდიდით“.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით 7,917 ადამიანია გარდაცვლილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა