თეგებით ძიება
11. 09. 2021 COVID - 19

"დედა, რომელსაც თავისი წილი ჰაერიც არ აქვს ფილტვებში, რეკავს და შვილის ამბავს კითხულობს" - რა ისტორიას იხსნებენ გარდაცვლილ ფეხბურთელზე?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთა ბაღაშვილი კორონავირუსით გარდაცვლილ 20 წლის ფეხბურთელის შესახებ ემოციურ პოსტს ავრცელებს.

„დედაჩემი ექიმია, რესპუბლიკურში ყოველ დღე 20 კოვიდ პაციენტის სიცოცხლეს დარაჯობს.

ბოლო ერთი თვეა ყოველ საღამოს ფეხზე ძლივს მდგომი ჰყვება ჩემი ძმისხელა, 20 წლის ფეხბურთელი ბიჭის შესახებ, რომლის ანკეტის კითხვითაც იწყება დედაჩემის დილა საავადმყოფოს კედლებში, რომელიც სპორტული სიჯიუტით ებრძვის სიკვდილს, მაგრამ რეანიმაციაში სხვა პაციენტებს ადგილს მაინც არ უთმობს, არ აძლევს ეს საშინელი დაავადება სუნთქვის უფლებას.

მეორე განყოფილებიდან მომაკვდავი დედა, რომელსაც თავისი წილი ჰაერიც არ აქვს ფილტვებში, რეკავს და შვილის ამბავს კითხულობს, ალბათ ბოლო ამოსუნთქვას გადაულოცავდა ნებისმიერ წამს, რომ შეეძლოს.

მეძახის წეღან დედა და ცრემლები ასკდება თვალებში.

ვერ გამოსტაცეს ეს ბიჭი სიკვდილს, ვერ უწილადა დედამ დარჩენილი ჰაერი, დილით დედაჩემი მის ანკეტას აღარ გაეცნობა.

წავიდა… კიდევ ერთი ადამიანი გადაიქცა ციფრად“,- წერს ქეთა ბაღაშვილი.

ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანია, მას ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა