თეგებით ძიება
11. 09. 2021 COVID - 19

"ვაქცინირებული ადამიანები იცავენ ოჯახის წევრებს ინფიცირებისგან" - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი კოვიდპანდემიაზე, ვირუსით ბავშვების ინფიცირებასა და კოვიდაცრის მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში წერს:

"მას მერე ორი ზაფხული მიილია. არც კონცერტები გვქონია და ცხოვრებაც თითქოს გაჩერდა ამ თაობისთვის. გულწრფელად მჯერა, ახლა თუ შევძელით მათი დაცვა, პანდემიური გაკვეთილებით გაძლიერებულნი ბევრად უფრო საინტერესო, მაღალტექნოლოგიურ, ჰუმანურ სამყაროს შევქმნით ჩვენი შვილებისთვის. მთავარია ახლა შევძლოთ მათი დაცვა კოვიდ საფრთხისგან...

თუ პირველი რამდენიმე ტალღისას ჩემს ჰოსპიტალში ბავშვთა ინტენსიური განყოფილება მთლიანად დიდებს ეთმობოდა და მცირე ასაკოვან ჯგუფში მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვქონდა, დღეს სწორედ ეს ასაკია ყველაზე დიდი ტკივილი. სწორედ პატარებში შეიმჩნევა ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა.

ცხადია, საბავშვო ასაკში განათლება ისევე მნიშვნელოვანია სრულფასოვანი განვითარებისთვის, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა, მაგრამ ჯერ უნდა გადავრჩეთ, რომ სხვა რამეები დაგვჭირდეს მერე.

ბავშვებს არ შეუძლიათ თავი თავად დაიცვან. მათ ჩვენ უნდა ვასწავლოთ უსაფრთხოების წესები, საკუთარი მაგალითით დავანახოთ როგორი უნდა იყო პრევენცია პანდემიისას. ვატაროთ ნიღაბი სწორად, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის აუცილებელი პირობები.

ჩვენს შვილებს თვითონ უნდა შევუქმნათ უსაფრთხო გარემო. ავიცრად, ინფიცირების ეჭვისას ვერიდოთ მათთან კონტაქტს და ასე ავაცილოთ კოვიდის საფრთხე.

დიახ, ბავშვების უმრავლესობას კოვიდი უსიმპტომოდ გადააქვს. არც კი ვიცით ნინომ როდის გადაიტანა. პოსტკოვიდური ანტისხეულები აღმოაჩნდა დადებითი და ასე მივხვდით რომ მასაც სტუმრობდა ვირუსი. სავარაუდოდ მე მოვუტანე, ისევე როგორც ჩემს მეუღლეს და მის დედ-მამას. მე არ მქონდა გამოსავალი, ყოველ დღიურად, ვირუსით ყველაზე დაბინძურებულ გარემოში არ მემუშავა. მაშინ არც ვაქცინა იყო, რომ თავი ასე დამეცვა. არც იმის ფუფუნება მაქვს მუდმივად განცალკევებულ გარემოში ვიცხოვრო, თორემ გავუძლებდი და ასე დავიცავდი ოჯახს სამსახურიდან გამოყოლილი საფრთხისგან.
ჩვენ გაგვიმართლა... ბევრ სხვას არა და სამწუხაროდ კიდევ იქნებიან ისეთები ვისაც ადვილად მოერევა კოვიდი...

დავიცვათ ერთმანეთი. ავიცრათ, დიდები ავიცრათ რომ ჩვენს შვილებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო. კვლევები აჩვენებენ რომ ვაქცინირებული ადამიანები იცავენ ოჯახის წევრებს ინფიცირებისგან.

ჩვენი შვილების სწორი განვითარებისთვის, ჯანმრთელი სიცოცხლისთვის გულმოდგინედ დავიცვათ პრევენციის ყველა წესი", - წერს გეგეჭკორი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 579,031 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 8,146 ადამიანი დაიღუპა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა