ქუთაისში კოვიდინფიცირებული ტყუპები გარდაიცვალნენ
კოვიდდადებითი ტყუპები, რომლებიც ქუთაისში "კლინიკა ბომონდი"-ს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ.
ტყუპები, რომლებიც 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ.
ორივე ტყუპის ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული და მათი სიცოცხლისათვის მთელი განყოფილება იბრძოდა.
"ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა", - აცხადებს "კლინიკა ბომონდი"-ს ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 662 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.