თეგებით ძიება

"ამ გათვლით შემოვიდა ის..." - სააკაშვილის რა გეგმებზე საუბრობს კობახიძე

ერთ-ერთი ლოგიკური ვერსია არის ის, რომ მას სხვა რამ ჰქონდა დაგეგმილი - ეს იყო ხელისუფლების გადატრიალება, კონსტიტუციური წყობილების დამხობა, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს.

ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი წერილი შეაფასა და განაცხადა, რომ პრემიერის წერილში განვითარებული ლოგიკა აბსოლუტურად ზუსტია.

„ერთი თეორიული ვერსია, რაზეც იქ არის საუბარი არის ის, რომ სააკაშვილმა შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი, შეგნებულად წავიდა ციხეში თუმცა, ვიცით მისი ბუნება, მშიშარა ადამიანია და ამას ის არ დაგეგმავდა, ვინც იცნობს მის ბუნებას, გორში როგორც გაიქცა, გაექცა ვირტუალურ თვითმფრინავებს, ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს. შესაბამისად, ერთ-ერთი ლოგიკური ვერსია არის ის, რომ მას სხვა რამ ჰქონდა დაგეგმილი, სხვა რამის იმედი და რწმენა ჰქონდა, რომ მოახერხებდა იმის გაკეთებას, რასაც გვპირდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში კიევიდან - ეს იყო ხელისუფლების გადატრიალება, კონსტიტუციური წყობილების დამხობა. ამ გათვლით შემოვიდა ის და არა ციხეში შესვლის გათვლით. რაც შეეხება იმას, რამდენად პერსპექტიული იყო ეს გეგმა. ეს არის მნიშვნელოვანი, ამაზე ხაზგასმა, რომ თავისივე ტყუილებს იჯერებდნენ. პრემიერის წერილში ეს კარგად იყო აღნიშნული, რაღაც ტყუილებს ამბობენ, მაგალითად იმას, რომ მოშლილია სახელისუფლებო სისტემა და მერე თვითონვე იჯერებენ ამ ტყუილს. ამ შემთხვევაშიც რაღაც ფეიკი შექმნეს, ერთი-ორი წელი ატრიალებდნენ, რომ მოშლილია სახელმწიფო სიტემა და თვითონვე დაიჯერეს ეს ტყუილი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ სააკაშვილი შეეცდებოდა 3 ოქტომბერს მომიტინგეებთან გამოჩენას, არალეგიტიმური შეკრება დაიშლებოდა, აღიკვეთებოდა ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და სააკაშვილი იქნებოდა დაკავებული ქუჩიდან.

„თუ იგი შეეცდებოდა როგორც დაგეგმილი იყო, 3 ოქტომბერს გამოჩენას მომიტინგეებთან ერთად, რომ იქ 5 ათასი კაცი შეკრიბეს, მათთან ერთად გამოდის, აწყობენ შტურმებს და ა.შ. და აქაც უნდა გავიხსენოთ, რომ გახარია აღარ არის პრემიერი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია, მისი ხელმძღვანელობით და ვახტანგ გომელაურის შესრულებით ჩატარდებოდა უმარტივესი ოპერაცია წყლის ჭავლით და ცრემლსადენი აირის გამოყენებით, ისე, რომ თმის ღერი არავის ჩამოუვარდებოდა. არალეგიტიმური შეკრება უმარტივესად დაიშლებოდა, აღიკვეთებოდა ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და სააკაშვილი იქნებოდა დაკავებული ქუჩიდან. ეს არ არის პრივილეგია ან უფლება, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ თუ ვინმე ემუქრება სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, სახელმწიფოს მართებს ამ შემთხვევაში სათანადო რეაგირება კანონის ფარგლებში, ლეგიტიმურად და პროპორციულად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნულის, რომ: "საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა