„ნებისმიერ ქვეყანას რომ გადავხედოთ, პოლიცია როგორ იყენებს ძალას მომიტინგეების მიმართ, ჩვენი პოლიცია შაქარი და მურაბაა მათთან შედარებით…“ - ზურა ხაჩიძე
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის განშტოებებს ოქტომბერში არჩევნების მოგების იმედი არა აქვთ და ცდილობენ სახელმწიფო რამენაირად გადააყირაონ, რევოლუციის ძალით მოვიდნენ სათავეში. ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარავის გამოუვა. ხელისუფლება ძალიან სწორად მართავს პროცესს“, – ამის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებსა და პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ბევრჯერ მქონდა შემოთავაზება, რუსეთში წავსულიყავი და იქ ამეწყო ჩემი მუსიკალური კარიერა; დიდი ხნის წინ 2-3-ჯერ მიმღერია კიდეც, ოღონდ კერძო და არა სახელმწიფო დარბაზში და არასოდეს მქონია სურვილი, იქ დავრჩენილიყავი. მე ემიგრაციაშიც ბევრი ვიწვალე, მაგრამ საქართველოში ცხოვრება ყველაფერს მირჩევნია და როგორ ფიქრობთ, ისეთ კანონს დავუჭერ მხარს, რომელიც ჩემს ქვეყანას დააზიანებს? ან როგორ შეიძლება თანამოქალაქეებს რუსი ეძახო. ეს გავეშებული და გამხეცებული ჩვენი მეზობელი ტანკებით უნდათ შემოიყვანონ? კარგად ვნახეთ, 2008 წელს თვითონ სადაც გაიქცნენ.
გვინახავს, მაშინდელი სახელმწიფო თანამდებობის პირები როგორ დაატარებდნენ მანქანებით რუს გენერლებს და მწვადებით უმასპინძლდებოდნენ. არ შეიძლება სხვა აზრის მქონე თანამოქალაქეს „რუსო, რუსო“ ეძახო. თუ დემოკრატიაზეა საუბარი, განსხვავებული აზრის მიღება უნდა შეეძლოთ. ჩემთვის ჯერ არის უფალი, ჩემი სამშობლო და შემდეგ ყველა ის გაერთიანება, რომლებიც სიკეთეს მოუტანენ ჩემს ქვეყანას, უკან კი არ დაიხევენ. 2012 წლის მერე სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა ევროპული კურსის დეკლარირება საკანონმდებლო დონეზე. მეზობლებთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩვენ ვერსად გადავსახლდებით, ვერც რუსეთი გადავა სხვაგან, ვერც აზერბაიჯანი და ვერც სომხეთი, ამიტომ ნორმალური ურთიერთობაა საჭირო და არა პროვოცირება, როცა რუსული სამხედრო მანქანა დაქოქილია. ხომ ხედავთ, გარშემო რა ომებია გაჩაღებული, ფეთქებადსაშიში სიტუაციაა ყველგან, ჩვენთან კი პირველი ციკლია 12-წლიანი, რაც ომი არ ყოფილა და სიმშვიდეა. მე არ ვამბობ, რომ უპრობლემო ქვეყანაა, მაგრამ ხელისუფლებას საგნობრივად უნდა ვეკამათოთ, იარლიყები კი არ უნდა მივაკეროთ ერთმანეთს.
ყველაზე მეტად იმაზე მტკივა გული, რომ ბავშვები მოწამლეს დეზინფორმაციით, სპორტსმენები, ხელოვანები ბულინგის მსხვერპლი გახადეს. ესაა სამწუხარო, თორემ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კარგად ვიცნობ და ამ პროცესებს კულისებიდან ვინც მართავს, ეგეც ძალიან კარგად ვიცი.
ნებისმიერ ქვეყანას რომ გადავხედოთ, პოლიცია როგორ იყენებს ძალას მომიტინგეების მიმართ, ჩვენი პოლიცია შაქარი და მურაბაა მათთან შედარებით. სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციას, რომელიც მაქსიმალურად გაწონასწორებულია. იქ უმაღლესი დონის პროფესიონალები მუშაობენ, რამე რომ მოხდეს, ისევ მათ უნდა დაიცვან ქვეყანა, რასაც დღედა ღამ ემსახურებიან კიდეც და მათი დისკრედიტაცია დაუშვებელია.
ალბათ, გახსოვთ, 2009 წლის 13 ივლისს სამმართველოსთან გამართულ მშვიდობიან მიტინგზე როგორ გვცემეს. ის იყო პოლიტიზებული პოლიცია, დღევანდელი კი რადიკალურად განსხვავდება, აპოლიტიკურია და მნიშვნელოვნად ითვალისწინებს იმას, რომ აქციებზე საქართველოს მოქალაქეები დგანან. როგორ შეიძლება პოლიციელს აფურთხო და საპასუხო რეაქცია არ მიიღო? ამ სიტუაციაში მაქსიმალურად მოზომილი იყო. ამ უწყების დისკრედიტაცია მიდის!
ხელისუფლებამ არაერთი გამოსავალი შესთავაზა ოპოზიციასა და აქციის მონაწილეებს. საერთოდ, როცა კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევი და პარლამენტის წევრი ხარ, გამოსავალი ყოველთვის დიალოგია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რისთვისაცაა მომზადებული კანონის ამგვარი ბრენდირება, დასათაურება… „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის განშტოებებს ოქტომბერში არჩევნების მოგების იმედი არა აქვთ და ცდილობენ სახელმწიფო რამენაირად გადააყირაონ, რევოლუციის ძალით მოვიდნენ სათავეში. ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარავის გამოუვა. ხელისუფლება ძალიან სწორად მართავს პროცესს“, – ამბობს ზურა ხაჩიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.