„შესაძლოა, მე-5 ტალღის საწყის ეტაპზე ვიყოთ“ - ექიმების გაფრთხილება
საქართველოში ეპიდვითარება უარესდება, ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდას ექიმები ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებენ. სპეციალისტების პროგნოზით ქვეყანაში შესაძლოა ვირუსის მეხუთე ტალღა მალე დაიწყოს.
„პანდემიური სიტუაცია შედარებით გაუარესებულია. წარმოიქმნა ეპიდემიოლოგიური კერები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში და არა მარტო, ამან განაპირობა შემთხვევების გარკვეული ზრდა. არ არის გამორიცხული, რომ მეხუთე ტალღის საწყის ეტაპზე ვიყოთ. რა ფონიც დღეს არის ქვეყანაში, სამწუხაროდ ვაქცინაციის მოცვა არ არის მაღალი, ღონისძიებების დაცვა ისეთი მაღალი ინტენსივობით არ და ვერ ხდება და ინფექციის გავრცელება კვლავ მაღალ მაჩვენებლებზეა. მოსალოდნელია, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს თუ ჩვენ ვერ დავიცავთ შესაბამის რეგულაციებს,“ - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 774 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი.