„სამწუხაროდ წინ ძალიან რთული ნოემბერი გველის, მეხუთე ტალღა დაწყებულია" - ამირან გამყრელიძე(ვიდეო)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე სპეციალურ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება, მე-5 ტალღა დაწყებულია, თუმცა შესაძლებელია მისი თავიდან აცილება.
„სამწუხაროდ წინ ძალიან რთული ნოემბერი გველის, მისი გადავლა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იქნება, თუმცა შესაძლებელია მისი თავიდან აცილება, რადგან დღეს უკვე გვაქვს საშუალება, ეფექტური იარაღი იმისათვის, რომ შევაკავოთ პანდემია და გადავარჩინოთ ათასობით ადამაინის სიცოცხლე.
პანდემიის შეკავებისთვის ერთ-ერთი მთავარი კი სწორედ ვაქცინაციაა, საჭიროა რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რითაც დავიცავთ ერთმანეთის სიცოცხლეს. ეს პროცესი მსოფლიოს ბევრმა წარმატებულმა ქვეყანამ ეფექტურად მართა, ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ სწორი სახელწმიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც დაგვეხმარება შევაჩეროთ უხილავი მტერი და ერთმანეთის უსაფრთხოება ვუზნუნველყოთ.
მადლობა იმ მილიონ ადამიანს, ვინც გაითავისა თავისი სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და აიცრა.
დღეს, თუ გვინდა, რომ გადვარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე, დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, ჩვენ შვილებს მივცეთ უსაფრთხოდ განათლებისა და განვითარების საშუალება, კიდევ უნდა აიცრას სულ მცირე ერთი იმდენი ადამიანი რაც აქამდე აცრილია. საბედნიეროდ ქვეყანაში გვაქვს ყველას სამყოფი ვაქცინა და არჩევანიც მრავალფეროვანია.
მეგობრებო, ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობაა საჭირო, სწორედ ამ მიზნით ვიწყებთ მარათონს მთელი საქართველოს მასშტაბით და გთხოვთ მასში მონაწილეობას.
ამ ომში დღეს ყველანი საქართველოს სამსახურში მყოფი რიგითი ჯარისკაცები ვართ, რომლებსაც გვაქვს შესაძლებლობა ავიცრათ ერთმანეთისთვის და გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლებისა და თანამოქალაქეების სიცოცხლე“ - განაცხადა ამირან გამყრელიძე.