"ორი რაღაც არის გასაკეთბელი, "ფაიზერით" აცრა და სამედიცინო პირბადე" - გიორგი ფხაკაძე
პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის თქმით, პანდემიის დამარცხების ერთადერთი საშუალებაა ვაქცინაცია.
"ორი ყველაზე კარგი ვაქცინაა მსოფლიოში, ეს არის "ფაიზერი" და "მოდერნა". ვფიქრობ, უნდა ვიყოთ სტრატეგიულები, ჯერ მოზრდილი ადამიანები არ აცრილან და უკვე ბავშვებზე დავიწყეთ კონცეტრირება. კონცეტრირება უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალზე, პედაგოგებზე. ვთვლი, რომ უნდა გამოვიყენოთ საფრანგეთის მაგალითი, საფრანგეთში სამედიცინო პერსონალი, ექიმები, სოცმუშაკები, 100%-ით არიან აცრილები. თავიდან იყო პროტესტი, მაგრამ 1 კვირაში დასრულდა.
არის პროფესიები და სფეროები, სადაც "ფაიზერით" ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, როგორც ისრაელმა გააკეთა, სასწავლებლებში, მასწავლებლები, მანდატური, ტექნიკური პერსონალი უნდა იყოს 100 %-ით აცრილი, ამის შემდეგ უკვე მომსახურების სფეროში, სადაც ადამიანებს აქვთ ურთიერთობა, ახლო კონტაქტი, უნდა შევამციროთ რისკები. შემდეგი ეტაპი უნდა იყოს კოვიდ-საშვი. სავალდებულო უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ აღიარებული ვაქცინით აცრა. ჩინური ვაქცინებით აცრა სავალდებულო ვერ იქნება.
ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის წარმატება აქვთ, სიკვდილობა თითქმის ნულამდე დავარდა, რეანიმაციული განყოფილების თითქმის განთავისუფლება და ძალიან ნაკლები გავრცელება მოსახლეობაში. ბრიტანეთში ჩატარებული კვლევით დავინახეთ, რომ ვირუსი ვრცელდება, მაგრამ არ კლავს. მოდით სიმართლე ვთქვათ, თუ ადამიანი საქართველოში მოხვდა რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი გადარჩენის შანსი არის ძალიან დაბალი, თავს ნუ ვიტყუებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეები არ მოხვდნენ რეანიმაციაში, ორი რაღაც არის გასაკეთბელი, "ფაიზერით" აცრა და სამედიცინო პირბადე,"- აღნიშნა "დღის კურიერში" გიორგი ფხაკაძემ.