თეგებით ძიება

რატომ აქვთ მკერდი ქალებს, სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით? - 3 ჰიოთეზა

დედამიწაზე ძუძუმწოვართა 5 000-ზე მეტი სახეობა ბინადრობს. თუ ჩვენთვის ნაცნობ პრიმატებს გავიხსენებთ, ვერ ვიპოვით ამ ცხოველთა მდედრობითი სქესის ვერცერთ წარმომადგენელს, რომელსაც მუდმივად ამობურცული მკერდი აქვს. ადამიანი, ამ შემთხვევაში კი ქალი, გახლავთ ერთადერთი არსება, რომელსაც სხეულის ეს ამოზნექილი ნაწილები მთელი ცხოვრების განმავლობაში უნარჩუნდება.

შედარებისთვის, სხვა ძუძუმწოვრებს მკერდი მხოლოდ ლაქტაციის ან ოვულაციის პერიოდში აჩნდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მათში უშუალოდ ორსულობას უკავშირდება. როგორც კი ნაშიერის რძით გამოკვების საჭიროება იხსნება, მათი სხეული ისევ პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება.

რაც შეეხება ქალებს, მათ მკერდი არა ორსულობის, არამედ სქესობრივი მომწიფების დროს ებერებათ. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული მოცულობის მიღწევის შემდეგ, აღნიშნული პროცესი შეუქცევად სახეს იღებს — ეს ერთგვარი წანაზარდები მხოლოდ ფორმას იცვლიან, ხოლო ზომაში მენოპაუზის მომდევნო პერიოდშიც არ მცირდებიან.

მაშ, რასთან გვაქვს საქმე? ეს ევოლუციური ანომალიაა თუ ბუნებრივი გადარჩევის შედეგი?

მეცნიერები მდედრი ჰომო საპიენსის უნიკალური ანატომიური აგებულების ახსნას და ზემოხსენებულ კითხვებზე პასუხის გაცემას დიდი ხანია ცდილობენ. დღემდე მრავალი მოსაზრება გაჟღერდა და ზოგმა მათგანმა პოპულარობაც მოიპოვა, თუმცა ამ საკითხის ერთ კონკრეტულ, საყოველთაოდ აღიარებულ თეორიაში მოქცევა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

ამ სტატიაში სწორედ ქალის მკერდის დანიშნულების შესახებ არსებულ 3 ყველაზე გავრცელებულ ჰიპოთეზას გაგაცნობთ.

ქალის მკერდი, როგორც ენერგიის წყარო
ქალის მკერდს მომრგვალებულ ფორმას სარძევე ჯირკვლების გარშემო დაგროვებული ცხიმი აძლევს, რომელიც ტანის ამ ნაწილში მსგავსი რაოდენობით სხვა არცერთ პრიმატში გვხვდება. მის შემადგენელ ქსოვილებში ცხიმოვანი უჯრედების მაღალი კონცენტრაცია განსაზღვრავს, რამდენად ამობურცულია ძუძუ. სწორედ ეს განაპირობებს მის სხვადასხვა ზომას.

ამის გარდა, მდედრობითი სქესის ადამიანის ორგანიზმი მიდრეკილია, ცხიმი დუნდულებსა და თეძოებშიც ჭარბად დაიტიოს, რაც წელის სიწვრილეს უზრუნველყოფს. იგივე არ ხდება, მაგალითად, გორილას შემთხვევაში, რომელიც უკან გამხდარია, მუცლის არეში კი პირიქით, რადგან ცხიმოვანი ქსოვილების უმეტესობას, ანუ ენერგიის მარაგს იქ ინახავს.

აქედან გამომდინარე, არსებობს მოსაზრება, რომ მკერდი და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა ნაწილები ქალისთვის ენერგიის ისეთივე წყაროს წარმოადგენს, როგორც აქლემისთვის — კუზი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჰომო საპიენსის განვითარების კონკრეტულ ეტაპზე ზუსტად ეს იყო მისი პირველადი დანიშნულება.

ქალის მკერდი, როგორც ფიზიოლოგიური ადაპტაციის შედეგი
მეორე ჰიპოთეზის თანახმად, მკერდი დანარჩენ პრიმატებსა და ადამიანებს შორის არსებული ორი მთავარი განსხვავებული ფიზიოლოგიური მახასიათებლის ადაპტაციური შედეგია. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ბიპედალიზმი, ანუ ქვედა ორ კიდურზე გამართული მოძრაობა, ხოლო მეორე — ახალშობილთა ხანგრძლივი მოუმწიფებლობა, რადგან ისინი მშობლისგან დამოუკიდებლად კვებასა და სიარულს საკმაოდ გვიან იწყებენ.

ეს თვისებები ცხოველთა მსგავსად მუცელზე ან ზურგზე მოჭიდებული ბავშვის ტარებას არაეფექტიანსა და თითქმის შეუძლებელსაც ხდის. ადამიანი ორ ფეხზე დადის, შესაბამისად, შვილს თეძოზე, კალთაში ან მხარზე ისვამს. პატარას არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ ბალანს მოჰკიდოს ხელი, რადგან ჩვენ ის უბრალოდ არ გვაქვს.

ქალის მკერდი იდეალურად მრგვალი არაა, არამედ ოდნავ ქვემოთაა ჩამოწეული. აქედან გამომდინარე, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ის დედებს შვილების მარტივად გამოკვებასა და ტარებაში ეხმარება. საქმე იმაშია, რომ თეძოდან და კალთიდან ძუძუსთავამდე მანძილი არაა საკმარისი იმისთვის, რომ ახალშობილი მას თავისით მისწვდეს, ანუ სჭირდება ისეთი რამ, რასაც ჩაებღაუჭება — თავად მკერდი.

ქალის მკერდი, როგორც სექსუალური სელექციის ნაყოფი
მესამე და ყველაზე პოპულარული ჰიპოთეზა პირველად ინგლისელმა მეცნიერმა, ჩარლზ დარვინმა გააჟღერა, რომელსაც ბუნებრივ გადარჩევაზე დაფუძნებული ევოლუციური მოძღვრება ეკუთვნის. ის ფიქრობდა, რომ ქალის მკერდი სექსუალური სელექციის ნაყოფია და პარტნიორის მიზიდვას ემსახურება. ეს შეხედულება შემდგომ მისმა თანამოაზრეებმა განავრცეს.

თუ ამ ჰიპოთეზას დავუჯერებთ, ადამიანის განვითარებისას მენჯებმა ნელ-ნელა მდგომარეობა შეიცვალეს, რის გამოც ქალის სასქესო ორგანომ უფრო წინ გადაინაცვლა და ძნელად შესამჩნევი გახდა. ჰომო საპიენსები სქესობრივ აქტს უკვე ისე ვეღარ ამყარებდნენ, როგორ სხვა პრიმატები, როცა მამრი მდედრის უკნიდან არის მოქცეული, არამედ ისინი სახით ერთმანეთის პირისპირ იყვნენ.

თუ ადრე მდედრის მომწიფებულობაზე მისი საჯდომი მიანიშნებდა (გავიხსენოთ ოვულაციისას მაიმუნების დაწითლებული და გადიდებული დუნდულები), ახლა მისი ადგილი მკერდმა დაიკავა და სექსუალურ სიმბოლოდ იქცა. ეს უკანასკნელი დაახლოებით იმ ფუნქციასაც ასრულებს, რომელსაც მამალი ფარშავანგის მარაოსებურად გადაშლილი ბუმბულები. მათი კუდი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ამ ინდივიდის გენეტიკურ სიჯანსაღეზე აწვდის ინფორმაციას და ერთგვარ სიგნალს უგზავნის, რომ შესაჯვარებლად სწორედ ის აირჩიონ.

ასეა თუ ისე, თანამედროვე სამყაროში და უკლებლივ ყველა კულტურაში მკერდი სექს-სიმბოლოს სახით დამკვიდრდა. დღესდღეობით მისი ზომის შესაცვლელად არაერთი პლასტიკური ოპერაცია ტარდება. კერძოდ, 2016 წლის მონაცემებით, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძუძუს დაპატარავების 61 000 პროცედურა განხორციელდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სექსუალურისა და მიმზიდველის გარდა, მკერდი მომაკვდინებელიც შეიძლება იყოს. სხეულის ამ ნაწილში სიმსივნე ისე არცერთ სახეობაშია გავრცელებული, როგორც ადამიანებში. ასე რომ, იქნებ, მისი წარმომავლობის უკეთ შესწავლა ამ დაავადების დამარცხებაშიც დაგვეხმაროს.

წყარო: on.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა