ჰააგის სასამართლომ დაკარგა ყოველგვარი ლეგიტიმაცია" - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი
ბნელი მომენტი დადგა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთვის, რომლითაც მან დაკარგა თავისი არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდენები გასცა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი სასამართლოს წევრი არ არის.
„ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ იმოქმედა, როგორც პოლიტიკურმა ინსტრუმენტმა ყველაზე ექსტრემალური ძალების სამსახურში, რომლებიც ძირს უთხრიან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში. ამ ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ აბსურდული და არაავტორიზებული დაკავების ორდერები გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტზე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის სასამართლოს წევრი.
ეს ორდერი არ არის მხოლოდ მათ წინააღმდეგ მიმართული პირადი თავდასხმა, არსებითად, ეს არის თავდასხმა ისრაელის უფლებაზე, დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის თავდასხმა მსოფლიოში ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ და მიზანში ამოღებულ ერზე – ასევე, ერთადერთ ქვეყანაზე რეგიონში, რომლის წინააღმდეგაც ღიად მოუწოდებენ და მოქმედებენ სხვა ქვეყნები, რომელთაც მისი განადგურება სურთ.
მორალური თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ეთიკურ რღვევას, რომელიც სიკეთეს ბოროტებად აქცევს და ემსახურება ბოროტ ძალებს. პოლიტიკური თვალსაზრისით, ორდერის გაცემა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არის ჯილდო და წახალისება იმ ბოროტი ძალების, რომლებიც უხეშად და თანმიმდევრულად არღვევენ მას. ყველა ღირსეულმა ერმა და მორალის მქონე ადამიანმა მსოფლიოში ცალსახად უნდა უარყოს ეს უსამართლობა“, – განაცხადა გიდეონ საარმა.
ცნობისთვის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი გასცა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.