თეგებით ძიება

პრეპარატი "ნარკანი" ურეცეპტოდ გაიყიდება - ახალი გადაწყვეტილება

პრეპარატი "ნარკანი", რომელიც ნარკოტიკების მძლავრ და საზიანო მოქმედებას ანეიტრალებს, აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიყიდება.

შესაბამისი რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა გასცა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, ნარკომომხმარებელთა შორის არის შემთხვევები, როდესაც ზედოზირებისას ლეტალური შედეგი დგება.

"ნარკომომხმარებელთა შორის არის შემთხვევები ზედოზირებით მოხმარების დროს, როდესაც დგება ლეტალური შედეგი. ასეთ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად ხელმისაწვდომი იყოს ნივთიერება "ნარკანი", რომელიც ნარკოტიკების ასეთ მძლავრ და საზიანო მოქმედებას ანეიტრალებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დარგის სპეციალისტებთან ერთად განგვეხილა საკითხი, რომ "ნარკანი" აფთიაქებში იყიდებოდეს, ხელმისაწვდომობა იყოს მაღალი და ის არ ექვემდებარებოდეს რეცეპტით გაცემის წესს. საჭიროების შემთხვევაში სწრაფად და ყოველგვარი შეფერხების გარეშე უნდა იყოს "ნარკანის" ხელმისაწვდომობა, რომ გარდაცვალების ფაქტები ზედოზირებით მოხმარების შემთხვევაში დავაზღვიოთ",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, პრეპარატის ურეცეპტოდ გაცემას, პროცედურული საკითხის მოგვარება სჭირდება.

"ამ ტიპის პრეპარატი აღარ საჭიროებს რეცეპტით გაცემის წესს დაქვემდებარებას და ის რეცეპტის გარეშე გაიცემა. ჩვენი მხრიდან გაიცა რეკომენდაცია და ახლა უწყება მას გადაამისამართებს მეორე ჯგუფიდან მესამეში",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა