თეგებით ძიება
26. 10. 2021 COVID - 19

„შეზღუდვების დაწესება გარდაუვალია“ - ალექსანდრე გოგინავა

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებაზე ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის ექსპერტები ჯერ კიდევ აგვისტოში საუბრობდნენ. ამ მოლოდინის უმთავრეს მიზეზად ეპიდემიოლოგები რესპირაციული ინფექციების სეზონის დაწყებას და ვაქცინაციის დაბალ ტემპს ასახელებენ.

ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და ვაქცინაციის დაბალ ტემპზე საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა.

მისი თქმით, ჰოსპიტლებში პრაქტიკულად ადგილები არ არის.

ამასთან, ინფექციონისტი ამბობს, რომ ვაქცინაცია ამ ეტაპისთვის ჩავარდნილია.

„ამ ეტაპზე საკმაოდ მძიმე ეპიდსიტუაციაში ვიმყოფებით, ამაზე მეტყველებს ის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები, რაც ყოველდღიურად გვაქვს. სამწუხაროდ ეპიდსიტუაციის გაუარესებას მოჰყვება ხოლმე პაციენტების რაოდენობის ზრდა და ჰოსპიტლების გადავსება, რა რეალობის წინაშეც ახლა ვდგავართ. ჰოსპიტლებში პრაქტიკულად ადგილების დეფიციტია უკვე სამწუხაროდ. თუმცა, ეს მოულოდნელი არ იყო და დაკავშირებულია ძირითადად ვაქცინაციის პროცესთან. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ჩავარდნილია ვაქცინაცია, რამაც გამოიწვია სიტუაციის გაუარესება“, - განაცხადა გოგინავამ.

ინფექციონისტმა, ასევე, დაგეგმილ აქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალხმრავალი შეკრებები ხელს ეპიდვითარების გაუარესებას უწყობს, თუმცა დასძენს, რომ გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

„რა თქმა უნდა, ხალხმრავალმა შეკრებებმა შეიძლება გამოიწვიოს ეპიდსიტუაციის გაუარესება, თუმცა მეორეს მხრივ - ადამიანებს აქვთ უფლება, რომ თავისი აზრი გამოხატონ, თუნდაც მანიფესტაციის ან აქციის სახით. იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ, რომ აქციებს შეუერთდნენ, ვურჩევ დაიცვან ელემენტარული წესი, როგორიც არის პირბადის სწორი გამოყენება და, ასევე, უმჯობესია ისეთი ადამიანები არ მივიდნენ აქციებზე, ვინც არ არიან ვაქცინირებული. არავაქცინირებული ადამიანების მისვლა ხელს შეუწყობს ეპიდსიტუაციის გაუარესებას“, - აღნიშნავს ალექსანდრე გოგინავა.

ინფექციონისტის თქმით, თუ ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი 2 კვირის განმავლობაში არსებულ ნიშნულზე დარჩება, შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი გახდება.

„შეზღუდვები გარდაუვალია, ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს ჰოსპიტალურ სექტორი. ასეთი მონაცემები იწვევს ჰოსპიტლების გადავსებას და შემდეგ ფუნქციონირება უჭირს საავადმყოფოებს, ასეთი დინამიკა თუ გაგრძელდება, ძალაუნებურად მოუწევთ გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ეს შეზღუდვები რა ტიპის და რამდენად მკაცრი იქნება, დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე“, - დასძენს ინფექციონისტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა