თეგებით ძიება
28. 10. 2021 COVID - 19

ექიმები კოვიდვითარების გაუარესების მოლოდინში არიან - როგორი იქნება მეხუთე ტალღის პიკი

სპეციალისტების შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი ბოლო პერიოდის მსგავსი ტემპებით გავრცელებას განაგრძობს, ქვეყანაში სულ მალე საწოლფონდის დეფიციტი გარდაუვალი იქნება.

პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ სამედიცინო სექტორის გადატვირთვა, თავისთავად, გამოიწვევს ხარისხის გაუარესებას. ექიმი გამოსავალს ვაქცინაციასა და რეგულაციების დაცვაში ხედავს

“ვითარება გაუარესებულია და ბოლო ორი კვირაა, ერთსა და იმავე მაჩვენებელზე რჩება. სახიფათო ვითარებაა, იქიდან გამომდინარე, რომ მომართვიანობა თუ გაიზარდა, არ აქვს მნიშვნელობა კორონავირუსის, თუ სხვა ვირუსების გამო, ეს გამოიწვევს სამედიცინო სექტორის კიდევ უფრო მეტ გადატვირთვას და შესაბამისად, ხარისხი გაუარესდება.აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ავიცრათ,” – განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის, ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ შემთხვევები კიდევ გაიზრდება, რაც საწოლფონდების გადატვირთვის საშიშროებას ქმნის. ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად აუცილებელია, ვაქცინირებულთა რაოდენობა შესაბამის ნიშნულამდე მივიდეს:

“ჩვენ ველოდებით შემთხვევების უფრო ზრდას, ვიდრე კლებას და რეალურად, ქვეყანაში არის შემდგომი ტალღის გავრცელება და მიმდინარე თვეები იქნება საკმაოდ მაღალი გავრცელებით, რაც გააჩენს იმის საშიშროებას, რომ გადაიტვირთოს საწოლფონდები. ვაქცინებულთა რაოდენობის მატება არის ჩვენი მთავარი სამიზნე, რათა მივაღწიოთ დამცველობით, ე.წ პოპულაციურ იმუნიტეტს და თავიდან ავიცილოთ დაავადების შემდგომი გართულებული შემთხვევები,” – აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა